ჯაბა ზარქუა: ცხადია, ამას არავინ იზამს და სანაცვლოდ “სუსი” დაიწყებს ძებნას ადამიანებისა თუ ვინ …

გასტრო-ენტეროლოგი ჯაბა ზარქუა:
ჩემს პოზიციას მოგახსენებთ “სკანდალურ კვლევასთან” დაკავშირებით და ძალიან გამიხარდება თუ ერთი ადამიანისთვის მაინც ცხადი გახდება რაზეა საუბარი პროპაგანდისტულ მედიაში. BBC-ის რეპორტაჟზე არ ვსაუბრობ აქ, დასაწყისიდანვე გეტყვით, არამედ იმ კვლევაზე რომელიც გააშუქეს რეპორტაჟში სხვა ბევრ საინტერესო და სავალალო რამესთან ერთად.
კვლევა სახელად “კოლატერალური ზიანი: ცრემლსადენი გაზის გამოყენების კარდიოვასკულური და რესპირატორული შედეგები მშვიდობიანი პროტესტის დროს” გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Toxicology Reports (ონლაინ გამოქვეყნების თარიღი 17 ნოემბერი, 2025 წელი).
კვლევის ავტორებს აინტერესებდათ აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი საშუალების გავლენა ადამიანების ჯანმრთელობაზე.
მოდი იმით დავიწყოთ, რომ კვლევები ბევრნაირია თავისი სტრუქტურის მიხედვით. შეიძლება გაუცნობიერებელ ადამიანს წარმოედგინოს რო მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანი ასე უნდა დაჯდეს საწერ მაგიდასთან, რამე მოიფიქროს და დაწეროს ან მაინცდამაინც ლაბორატორიაში ყავდეს გამოკეტილი საკვლევი ობიექტები, მაგრამ ეგ მასე არაა სინამდვილეში. მეცნიერება ბევრად უფრო მოსაწყენია, ვიდრე ამას ნეტფლიქსზე ნახულობთ. ამ კვლევის ავტორებმა თავიანთ კითხვაზე პასუხის გასაცემად აარჩიეს ობზერვაციული შემთხვევა-კონტროლის ტიპის კვლევის დიზაინი. ეს რას ნიშნავს იცით? მოკლედ რომ ვთქვათ – ამ დროს მკვლევარები არ ატარებენ ექსპერიმენტს, არ ერევიან მოვლენების მდინარებაში, უბრალოდ აკვირდებიან. ამ შემთხვევაში ისინი აკვირდებიან დაზარალებულებსა და ჯანმრთელებს და მათი შედარების ხარჯზე ცდილობენ დასკვნების გაკეთებას.
ახლა მოდი ვნახოთ ეს ხალხი საიდან მოიყვანეს. წინასწარ შედგენილი კითხვარის მიხედვით გამოკითხეს აქციის მონაწილე 347 ადამიანი, საიდანაც 69-მ განაცხადა თანხმობა სხვადასხვა სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურის ჩატარებაზე. მკვლევარებმა გულდასმით შეარჩიეს საკონტროლო ჯგუფი. ეს იცით რისთვისაა საჭირო? რო ნახავდნენ რაღაც დარღვევებს საკვლევ ჯგუფში (აქციაზე დაზარალებულები), რამენაირად ხო უნდა დაესკვნათ რომ ეს დარღვევები მიყენებული ზიანის გამოა? იქნება და ეგ დარღვევები ისედაც გავრცელებულია რაღაც პოპულაციაში, ხო? ჰოდა, უნდა შეედარებინათ ჯანმრთელებს. აარჩიეს კიდეც 31 ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც არ მონაწილეობდა დემონსტრაციებში და რუსთაველის მიმდებარედაც არ ცხოვრობდა, რათა შედარება მეტად ვალიდური ყოფილიყო.
რა ნახეს მკვლევარებმა? ორად დავყოთ შედეგები. რაღაცეები ნახეს, რაც სტატისტიკურად ღირებული არ იყო. კვლევაში ასე ხდება ხოლმე – მილიონ ცვლილებას ნახულობ, მაგრამ ყველა ვალიდური კი არაა. შედეგებს მათემატიკური რთული მეთოდებით ადარებენ ერთმანეთს და რომელიც სტატისტიკურად სარწმუნო არაა, იმას წერენ პატიოსნად და მერე დისკუსიაში სავარაუდო მიზეზებსაც განიხილავენ. სხვათა შორის, სტატისტიკურად სარწმუნო თუ არაა შედეგი არ ნიშნავს მაინცდამაინც რომ ის არც არსებობს. შეიძლება საკვლევი პოპულაციის რიცხვი იყო მცირე, რის გამოც სტატისტიკურ სარწმუნოობას ვერ მიაღწია (ამ კვლევასაც ჰქონდა ეს პრობლემა ობიექტურად), კიდევ ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ ეს სტატუსში განსახილველი არაა, არ დავამძიმოთ. მკვლევარებმა ნახეს ისეთი შედეგებიც, რაც სარწმუნოდ განსხვავდებოდა საკვლევ და საკონტროლო ჯგუფებში (მაგ. კარდიოვასკულური ცვლილებები). ეგ იყო ფაქტი, რომელსაც ვერ დავაიგნორებთ (დაინტერესებულ სტატისტიკოსებს შეუძლიათ გადათვლა და თუ ნახავენ პრობლემას, შეუძლიათ მკვლევარებს წაუყენონ პრეტენზია რომ არასწორად დათვალეს მონაცემები).
ახლა მთავარი. რა დასკვნების გამოტანა შეძლეს მკვლევარებმა ამით და რაში შეგვიძლია ის გამოვიყენოთ საზოგადოებამ.
მიუხედავად კვლევის ბევრი ლიმიტაციისა (დიზაინი, სემფლი და ა.შ., რაც ტრაგედია სულაც არაა, ყველა კვლევას აქვს ლიმიტაციები რასაც პირველ რიგში თავად მკვლევარები აღნიშნავენ ხოლმე, ეგ სამეცნიერო დისკუსიის საგანია და არა – პროპაგანდის), ამ მონაცემებით ის უეჭველი შეგვიძლია დავასკვნათ რომ აქციის დროს გამოყენებული აქციის დასაშლელი საშუალებები არ იყო უვნებელი და უსაფრთხო და ჰქონდა პოტენცია გამოეწვია გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები.
ამ კვლევას BBC-ის გამოძიებას რომ დავამატებთ, იმაზე უნდა ვიმსჯელოთ ნეტავ რა ნივთიერებით იშლებოდა აქციები, ნეტა როგორ გახდეს ეს ამბავი უფრო უსაფრთხო სამომავლოდ (არ მაქვს ილუზია რომ ეს არასდროს მოხდება), ნეტა ვისი პასუხისმგებლობები დავაყენოთ და ნეტა მეტი ზიანი ვინმეს ხომ არ მიადგა. ცხადია, ამას არავინ იზამს და სანაცვლოდ “სუსი” დაიწყებს ძებნას ადამიანებისა თუ ვინ “გაბოზდა” – ხან მკვლევარებს დაკითხავს ამის გამო, ხან გომელაურს, ხან ვის და ხან ვის. ყველაფერს გააკეთებენ მხოლოდ ერთი მიზნით – ბატონის დასამშვიდებლად. ჰოდა, ეს არაა ჯანსაღი პროცესი. ეს არის ბოროტი კლოუნადა.
სოლიდარობა მკვლევარებს!