„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის“ კონტროლის განათლების სამინისტროდან კულტრის სამინისტროსთვის გადასაცემად „ოცნების“ პარლამენტმა კანონში შესაბამის ცვლილებას მხარი 26 ნოემბერს დაუჭირა.
უკვე მიღებული კანონის ავტორი განათლების სამინისტროა. კანონის შეცვლა საჭირო მთავრობის გადაწყვეტილების გამო გახდა. კანონში ჩაიწერა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი კულტურის სამინისტროა.
სწორედ მთავრობის გადაწყვეტილება იყო, რომ 2026 წლიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე კონტროლი განათლების სამინისტროს ნაცვლად კულტურის სამინისტროს გადასცემოდა.
საპარლამენტო განხილვის დროს განათლების მინისტრმა ზვიად გაბისონიამ განაცხადა, რომ „ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და გულისხმობს მაკონტროლებელი ორგანოს შეცვლას“.
„თუ ტექნიკურია, მიზანი რა არის, ვერ გავიგე, რატომ გადაგვაქვს, მართლა ძალიან დიდი მეცნიერები იდგენენ ამ ინსტიტუტის დაფუძნების სათავეში, ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერი ცენტრია და თვითონ მათი აზრი არა მგონია, გათვალისწინებულ იყოს, ვიცი, რომ განსხვავებულ აზრზე არიან“, – თქვა პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა.
„მთავრობამ განიხილა, რომ ცენტრი გახლავთ ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი, მათ შორის, ხელნაწერების, ამიტომ მიზანშეწონილად მიიჩნია, კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში ყოფილიყო“, – თქვა გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ადრე განათლების სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა კულტურის მიმართულებაც, მას შემდეგ, რაც სამინისტროები გაიყო, განათლების სამინისტროს ეტაპობრივად გამოეყო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მომუშავე სამსახურებიც.
მისივე თქმით, ხელნაწერთა ცენტრს დარჩება წვდომა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტებზე.
კანონპროექტის განხილვის დროს სოზარ სუბარმა გამოსვლითაც ისარგებლა.
სოზარ სუბარის თქმით, მეცნიერები წუხან იმაზე, რომ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა მეცნიერების სამინისტროს ჩამოშორდება, ასევე წუხან იმაზე, სად განთავსდება ინსტიტუტი.
29 ოქტომბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დიექტრომა ზაზა აბაშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცენტრის დირექტორმა და ადმინისტრაციამ ბოლო წუთს შეიტყო, რომ ცენტრი კულტურის დაქვემდებარებაში გადადის:
დღეს, საღამოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მოვიდა ოფიციალური ცნობა კულტურის სამინისტროდან, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ცენტრი დაექვემდებარება კულტურის სამინისტროს. რას მოუტანს ეს ცენტრს, მომავალი გვიჩვენებს… სამწუხარო ისაა, რომ ცენტრის დირექტორი და ადმინისტრაცია ამას ბოლო წუთში გებულობენ…




