“ხალხის ღალატი” და “ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა” – ლატვიელი პარლამენტარი კანონპროექტზე

„ლაგამის ამოდება მოწინააღმდეგეთათვის“ – ასე აფასებს ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ხელახალ წარმოდგენას. კოლსმა 13 სხვა ევროპული ქვეყნის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად თქვა, რომ ეს კანონი დააშორებს ქვეყანას ევროპულ მიმართულებას და ის „პუტინის ს სტილის” მსგავსი სულისკვეთებისა და მსგავსი მიზნის კანონია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პარადოქსულია ის, რომ ოპოზიციის მიერ შეცდომაში შეყვანილი მოქალაქეები გამჭვირვალობის მოთხოვნას აპროტესტებენ. პრემიერის თქმით, მთავრობა უზრუნველყოფს იმას, რომ „მტრისა თუ მოყვარისგან“ წამოსული ფული გამჭვირვალე იყოს, ეს მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის და რევოლუციური სცენარების თავიდან ასაცილებლადაა აუცილებელი.
“ცხადია, ჩვენი პრეროგატივა არაა ვუკარნახოთ [რომელიმე] სუვერენულ ქვეყანას, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, მაგრამ მათ უნდა მოუსმინონ იმ გაფრთხილებებს, რომლებიც ახლა მოდის ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან… ეს უდიდესი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს საქართველოს მთელ გზას ევროკავშირის წევრობისკენ”, – ამბობს ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი.
თუკი გულწრფელად ხარ კანდიდატი ქვეყანა და ამბობ, რომ ევროკავშირს აქვს მსგავსი რეგულაციები, მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როცა ისედაც მოგიწევს ამ კანონების მიღება, რატომ უნდა იჩქარო და გადმოაკოპირო რუსული კანონი? – რიჰარდს კოლსი
ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ამ ზაფხულს ევროპარლამენტის წევრადაც იყრის კენჭს, ამბობს, რომ ეს არაა მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გამოთქმული განგაში ამ კანონის მიღების რისკების თაობაზე, ეს უდიდესი გამოწვევაა, რადგან საუბარია კანონზე, რომელიც “საქართველოს წაიყვანს იმ მიმართულების აბსოლუტურად საპირისპირო მხარეს, რა მიმართულებით მიმავალ გზაზეც მის მოსახლეობას ამდენი ხანია ასე ძალიან სურს დაწინაურება”.
ამერიკისა და ევროკავშირის წამყვანი დიპლომატების, პოლიტიკოსების, ელჩების, ოპოზიციისა და მოსახლეობის ნაწილის კრიტიკისა და წინააღმდეგობის ფონზე საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს, გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სპეცრაზმი ზოგიერთ მოქალაქესა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა.
ირაკლი კობახიძემ გაიმეორა, რომ არც დასავლეთის ქვეყნების ელჩებისგან, არც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, არც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებისგან კონკრეტული არგუმენტები არ მოუსმენია იმის თაობაზე, რატომ ეწინააღმდეგება ეს კანონი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. პრემიერი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს არ წარმოადგენდნენ, დარწმუნებულნი რომ არ იყვნენ, რომ პირიქით, ეს კანონი უფრო მეტად დასავლურ სტანდარტს ამკვიდრებს.
“რა თქმა უნდა, ეს [კანონი] საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ, კონკრეტულად კი ევროკავშირის წევრობას”, – ცალსახად პასუხობს ამ თემაზე დასმულ ჩვენს კითხვას რიჰარდს კოლსი. “ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი – ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ. ეს სწრაფვა მის კონსტიტუციაშიცაა ჩაბეჭდილი. ამიტომ, ეს არის გარკვეულწილად ქართველი ხალხის ღალატი. ახლა, ერთი პარტია პოტენციურად ძირს უთხრის მთელი ქვეყნის ბედს, ხალხის ნებას“, – თქვაა კოლსმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რიჰარდს კოლსი ერთ-ერთი ინიციატორია იმ წერილისა, რომლითაც 14 ევროპული ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა. მათ მთავრობას მისი ერთხელ და სამუდამოდ უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და ის პირობები შეახსენეს, რა დათქმებითაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის უზრუნველყოფა, პოლარიზაციის შემცირება და ა.შ
„ეს კონკრეტული კანონმდებლობა, როგორც ევროკავშირშიც და წევრ სახელმწიფოებშიც ექსპერტები ამბობენ, არის მეტ-ნაკლებად კოპირებული ვერსია მისი რუსული ექვივალენტისგან, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ რუსეთმა წლების წინ მიიღო და რომლის მიზანიც არის მოწინააღმდეგეთათვის „ლაგამის ამოდება“, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. ეს ამ მხრივ ნამდვილად არის დემოკრატიისთვის წელსქვემოთ მიყენებული დარტყმა”, – ამბობს კოლსი.
ეს არის მეტ-ნაკლებად კოპირებული ვერსია მისი რუსული ექვივალენტისგან, რომელიც „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ რუსეთმა წლების წინ მიიღო და რომლის მიზანიც არის მოწინააღმდეგეთათვის „ლაგამის ამოდება“, სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა. ეს დემოკრატიისთვის წელსქვემოთ მიყენებული დარტყმაა”, – რიჰარდს კოლსი
„ქართული ოცნება“განსაკუთრებით მწვავედ სწორედ კანონპროექტის „რუსულ კანონად“ მოხსენიებაზე რეაგირებს. პარლამენტში ჩატარებული განხილვებისას, ამ შედარების გამოყენების შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონს უთიშავდნენ და დარბაზიდანაც აძევებდნენ. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ თუკი ეს კანონი რამის ანალოგია, ეს სწორედ ევროკავშირსა და ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობაა. თუმცა ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ყოფილი იურისტი ხსნის, რომ ეს მტკიცება უსაფუძვლოა. კოლსი “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამბობს, რომ ამ კანონპროექტის თაობაზე დასკვნა, არის არა პოლიტიკოსების, არამედ – ექსპერტების შეფასება.
ევროპელი პარლამენტარი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ანალოგიებზე საუბარი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მსგავსება მხოლოდ რუსულ კანონთანაა აშკარა. ამასთან, თუკი ეს პროექტი ამდენად ჰგავს დასავლურ კანონმდებლობას, გაუგებარია, ან რატომ ჩქარობს კანდიდატი ქვეყანა მის მიღებას ან რა მიზეზით მოუწოდებენ მისი უარყოფისკენ თბილისს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან?
“თუკი გულწრფელად ხარ კანდიდატი ქვეყანა და ამბობ, რომ ევროკავშირს აქვს მსგავსი დირექტივები და რეგულაციები…. მაშინ მხოლოდ დროის საკითხია, როცა ისედაც მოგიწევს ამ კანონების მიღება, მაშინ რატომ უნდა იჩქარო და გადმოაკოპირო რუსული კანონი? ესეც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. თუკი ამბობ, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედებს შესაბამისი კანონი, მაშინ რატომ მოგიწოდებს ამერიკა დამუხრუჭებისკენ იმ კანონის მიღების თაობაზე, რომელიც დემოკრატიას მრავალი კუთხით უქმნის საფრთხეს“, – ამბობს რიჰარდს კოლსი.
კანონპროექტის “შემობრუნებას” ევროკავშირის არაერთი ლიდერი გამოეხმაურა, მათ შორის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარი ოლივერ ვარჰეი. გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ბორელი და ვარჰეი ამბობენ, რომ ეს კანონი შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თაავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას, გამოხატვის თავისუფლებას და მოსახლეობისთვის საარგებლის მომტან ორგანიზაციებს უსაამართლო იარლიყებს მიაწებებს.
“ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია”, – ამბობენ ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატები.
კანონი რომ ევროკავშირისკენ სწრაფვასთან არაა თანხვედრაში, იმეორებს შარლ მიშელიც, ევროსაბჭოს პრეზიდენტი. “კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირთან კი არ დააახლოებს, არამედ – დააშორებს”
საქართველოს პრემიერი კი, მისი გუნდის წევრების მსგავსად, იმეორებს, რომ დარწმუნებულია, ეს კანონი „არათუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, უზრუნველყოფს კიდეც მას“.
რიჰარდს კოლსი ამბობს, რომ ეს არაა ერთაადერთი პროცესი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული კურსის შესახებ დასავლეთში, მეგობარ ქვეყნებს კითხვებს უჩენს. მათ შორისაა საქართველოს პარლამენტის მხრიდან ში რუსეთის აგრესიის არასათანადო დაგმობა, სანქციებზე უარის თქმის შემდეგ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამიზნული დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება და ა.შ.
“ეს [კანონი] იძლევა ინსტრუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს არა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, არამედ – შეზღუდვას, იმ მექანიზმების ქონას, რომ “თუ კარგად არ მოიქცევით, შეიძლება ამის შედეგები მოიმკათ” – ამბობს ჰოლსი და კიდევ ერთხელ კითხულობს, რატომაა საჭირო ამ კანონის ამ ფორმით მიღება მაშინ, როდესაც ფინანსური ინფორმაცია სახელმწიფოს ამ ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ისედაც საკმარისად აქვს.
“თქვენ ახლაც გაქვთ კანონმდებლობა, რომელიც მოითხოვს დეკლარაციების შევსებას, დაფინანსების წყაროს გამხელას, დაამფუძნებლების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას. აქ საიდუმლო არაფერია. და კიდევ ერთხელ ვკითხულობთ რატომ? რატომ უნდა წავიდეთ უფრო შორს, როცა სამყაროს დემოკრატიული ნაწილის საუკეთესო პრაქტიკა, სადაც გამჭვირვალობა მართლაც მნიშვნელოვანია, არ ეფუძნება მსგავს კანონებს”, – განმარტავს ლატვიელი პარლამენტარი.
ამასთან, კოლსი ამბობს, რომ მაშინ, როცა კანონის უარყოფით მხარეებზე საუბრისას მოსახლეობის ისეთ დიდ მიზანს ვახსენებთ, როგორიც ევროპული მომავალია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზიანი უპირველეს ყოველისა საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას მიადგება – იმ საბაზისო უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც ნებისმიერ დემოკრატიაში დაცული უნდა იყოს.