საქართველოს პარლამენტი ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონის“ რეჟიმშია

საქართველოს პარლამენტში, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უნდა გააგრძელოს მასობრივი საპროტესტო აქციების გამომწვევი „აგენტების კანონის” განხილვა, არც დღეს, 1 მაისს, შეუშვებენ ონლაინმედიის ჟურნალისტებს და მათ, ვინც არ არის მიწვეული „შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ“.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის” შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ს მიერ 2023 წლის სექტემბერში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, 1 მაისს ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე“ მოქმედებს.
ეს ნიშნავს, რომ „ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“ და „დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები“.
პარლამენტის ინფორმაციით, „შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე”.
„უსაფრთხოების ყვითელი დონე“ 15 აპრილიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში ისევ, ჯერ საკომიტეტო დონეზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე, დაიწყო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და მასობრივი პროტესტის გამომწვევი „აგენტების კანონის“ განხილვა(კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ).
იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენების ადგილიდან გაშუქების უფლება მხოლოდ ტელემაუწყებლებს მისცეს, მუშაობა შეეზღუდა მედიასაშუალებების დიდ ნაწილს. მათ შორისაა რადიო თავისუფლება.
16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ონლაინგამოცემების ჟურნალისტები აკრედიტაციას „ბოროტად იყენებდნენ“ და პარლამენტში შედიოდნენ არა პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, არამედ „პროტესტის გამოსახატად”.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა. საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ს და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.
1 მაისის 10:00 საათისთვის ჯერ ისევ უცნობია დაშავებულთა და დაკავებულთა ზუსტი რიცხვი.
-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება” მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს” და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
„ქართული ოცნება” მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის” მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების გაუქმება და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.
„ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.
„ქართულმა ოცნებამ” ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.
„ქართული ოცნების” უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელ ვარიანტს შარშანდლისგან ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ასევე დაგაინტერესებთ