ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.
სხდომაზე პროკურორი გია შაიშმელაშვილი განმარტავდა, რომ გელა უძილაურმა 14-ჯერ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართ.
პროკურორის თქმით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება სახეზე იყო, რადგან დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს.
რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, პროკურორის თქმით, მას შემდეგ რაც უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან კონკრეტული პირების მიმართ გასროლა განახორციელა, მან ცეცხლსასროლი იარაღი წაიღო, გადამალა, შეიძლება გაანადგურა კიდეც, რადგან ამ ეტაპისთვის პროკურატურისთვის დანაშაულის ჩადენის იარაღი მიუწვდომელია.
შაიშმელაშვილის თქმით, უძილაურს რეგისტრირებული აქვს 2 ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი იარაღი ბრალდების მხარის მხრიდან ამოღებულია ბევრ ვაზნასთან ერთად, მეორე იარაღი კი, ამ დრომდე ამოღებული არ არის.
რაც შეეხება, მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილს, როგორც შაიშმელაშვილი აღნიშნავდა, უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 14-ჯერ გაისროლა, ნაწილი ადრესატებს მოხვდა, დანარჩენი ტყვიები კი დაფრინავდა.
პროკურორის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუ რატომ ჩაიდინა ეს, ამის დასადგენად და გასაგებად ძალისხმევას არ დაიშურებენ, თუმცა, მისი თავისუფლებაში ყოფნა საგამოძიებო მოქმედებებში ხელს შეუშლის.
დაცვის მხარე აღნიშნულს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ უძილაურის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.
ადვოკატ მარიამ ტაბატაძის თქმით, უძილაურის მხრიდან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს. მისივე თქმით, მიმალვის ნაწილში პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის, ვინაიდან უძილაურმა ყველა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო.
