წალენჯიხა სასწრაფო რეაგირებას ითხოვს – სამინისტროს შეუსრულებელი პირობა და საფრთხე, რომელიც ჯვარს ემუქრება

ქალაქი ჯვარი, რომელიც, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ადგილობრივი მმართველობის პერიოდში, როგორც იქნა, თავისი 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელით 24-საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლითაა უზრუნველჰყოფილი, შესაძლოა, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს.
ენგურჰესის კაშხალი წყალმოვარდნების დროს უშვებს გარკვეული რაოდენობის წყალს, გამომდინარე იქედან რომ ენგურის კალაპოტი ამოსაწმენდია და ჯებირები დასაყენებელი, კაშხალიდან გამოშვებული წყლის ნაკადი საფრთხეა წყალსაქაჩებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შარშან, წალენჯიხის მერიამ შეატყობინა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მოითხოვა სასწრაფო რეაგირება, სამინისტროს პირობა პირობად დარჩა და სამუშაოები არც კი დაწყებულა.
“ვიმყოფებით ქალაქ ჯვარში, წყალსაქაჩ, მთავარ სადგურის ტერიტორიაზე და როგორც ხედავთ, სადგური დატბორვის საშიშროების პირასაა. ყოველი წყალუხვობის დროს, ენგურიდან შემოედინება წყლის ნაკადი, რომელიც საშიშროებას უქმნის ამ ტერიტორიაზე განთავსებულ რვავე წყალსაქაჩ სადგურს და მოსალოდნელია სადგურებში განთავსებული ელექტროსადენების მწყობრიდან გამოსვლა, რაც აღსადგენად შემდეგ არის ძალიან რთული და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი შემთხვევის დროს ჯვარი წყალმომარაგების გარეშე დარჩება და თვეები დასჭირდება მის შემდგომ აღდგენას. ჩვენ, ჯერ კიდევ შარშან, გამაფრთხილებელი წერილი მივწერეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აღვწერეთ აღნიშნული რეალობა და ვთხოვეთ სასწრაფო რეაგირება, მაგრამ მივიღეთ მხოლოდ პირობა, საპროექტო სამუშაოების დაწყებისა, საქმე კი არ დაძრულა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დროში გაწელვა მისი არ შეიძლება, რადგან ავარიული სიტუაცია შეიძლება დადგეს ნებისმიერ დროს და ვიმეორებ, ჯვარი დარჩება წყალმომარაგების გარეშე და ის შესანიშნავი პროექტი, რომელიც განხორციელებულია ფაქტიურად შეიძლება ცუდად დასრულდეს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ლოკაციაზე, სადაც ენგურმა გაარღვია ჯებირი და წყლის დიდი ნაკადი წავიდა წყალსაქაჩის მიმართულებით. ეს ნაკადი უქმნის საშიშროებას ჭაბურღილებს და აუცილებელია გადაიკეტოს მიმართულება, ამოიწმინდოს ენგურის კალაპოტი და გაკეთდეს დაცვითი ზღუდე. მივმართავ საქართველოს მთავრობას, ეს არის გადაუდებელი საკითხი, გადაუდებელი აუცილებლობა, ამიტომ საგანგებო რეჟიმში უნდა მოხდეს ამ პროექტის დამუშავება და ამ საკითხის სასწრაფო გადაჭრა, რათა ჯვარი წყალმომარაგების გარეშე არ დარჩეს. ენგურჰესის კაშხალი წყალმოვარდნების დროს უშვებს გარკვეული რაოდენობის წყალს, ეს აუცილებელი სტანდარტიცაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ენგურჰესის დირექციასთან, ვთანამშრომლობთ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მონიტორინგის შესაბამისად, გარკვეული პირობებით მდგომარეობა შენარჩუნებულია, მაგრამ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვახლევს. აუცილებელია გაიწმინდოს ენგურჰესის კალაპოტი, აუცილებელია თავდაცვითი შრე, ზღუდე, ჯებირი გაკეთდეს. უფრო დიდი წყალუხვობის დროს ენგურჰესი იძულებული იქნება გაატაროს მეტი წყალი, რაც იმ საშიშროებას დააყენებს, რომ ქვესადგურები დაიტბორება და ჯვარი წყალმომარაგების გარეშე დარჩება.”

ასევე დაგაინტერესებთ