მხატვარ ლადო წიბახაშვილის მსგავსად 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მის ძმას გიგა წიბახაშვილს, რომელსაც რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.
გიგა წიბახაშვილი გუშინ, 3 ნოემბერს დედასთან მანანა ჯავაშვილთან, ძმასთან ლადო წიბახაშვილთან და დეიდასთან ეკა ჯავაშვილთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გზის სავალ ნაწილზე.
ყველა მათგანი პოლიციამ დღეს დააკავა.
· დღეს, 3 ნოემბერს მასწავლებელს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა;
· დღესვე რამდენიმე საათის დაგვიანებით მოსამართლე ნინო ენუქიძემ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლადო წიბახაშვილს.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში მიიღო და აამოქმედა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიციამ თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების ათეულობით მონაწილე.
ახალი კანონით გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი
				
								
								


