ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს რადიკალებთან – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში მოქმედი დიპლომატების მიერ ოპოზიციასთან ნებისმიერ შეხვედრას იმ „ძალადობრივი ქმედებების“ თანამონაწილეობად მიიჩნევს, რომელიც შესაძლოა, ქვეყანაში მოხდეს.
პაპუაშვილის თქმით, მმართველ პარტიაში ოპოზიციის და უცხოელების კონტაქტს დეტალურად აკვირდებიან.
„ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს, თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟება, სადილზე, ვახშამზე თუ ა.შ. რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების, ყველა მათი თანამონაწილეობა იქნება, თუკი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან.
მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, ამ ჯერზე ისინი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა შალვა პაპუაშვილი საქართველოში მყოფ დიპლომატებს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.
პაპუაშვილის მიერ გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის მუდმივ დადანაშაულებას ვენის კონვენციის დარღვევასა და „ექსტრემისტების“ მხარდაჭერაში გამოხმაურება მოჰყვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც. გერმანული მხარის განცხადებით, პაპუაშვილი დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”