გოგნის ქარის ელექტროსადგურს, რომელიც ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის ხარჯზე შენდება, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის, სრულად პირად საკუთრებაში არსებული კომპანია ახორციელებს. ფასი, რომელსაც ქვეყანა იხდის, უნიკალური კოლხური ტყე და „წითელი ნუსხით“ დაცული 9 688 ასწლოვანი ხეა. სანაცვლოდ კომპანია სახელმწიფოსგან გარანტირებულ, მილიონობით ლარის მოგებას მიიღებს.
რა იჩეხება
გოგნის ქარის ელექტროსადგურის საპროექტო ტერიტორია თერჯოლის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში 225 ჰექტარია, საიდანაც 76.7 ჰექტარი სახელმწიფო ტყეა. მოსაჭრელ ხეებს შორისაა „წითელი ნუსხით“ დაცული 7 533 ძირი წაბლი, 2 115 კოლხური ბზა და 40 უთხოვარი – ჯამში 9 688 ძვირფასი ხე. კვლევის მიხედვით, მათი უმრავლესობა ჯანსაღია. ელექტროგადამცემი ხაზისთვის გაჭრილი დერეფანი მუდმივად გაკაფული დარჩება.
ეს რელიქტური კოლხური ტყეა – ეკოსისტემა, რომელიც გამყინვარებას გადაურჩა და რომლის ნაწილებიც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. გოგნის ტერიტორიას კი არავითარი დაცული სტატუსი არ აქვს.ის 63 სახეობის ფრინველს, 24 სახეობის ძუძუმწოვარს, 10 სახეობის რეპტილიასა და 7 სახეობის ამფიბიას ასაზრდოებს. ტურბინების ვიბრაცია, მუდმივი ხმაური და ჰაბიტატის განადგურება გამოიწვევს ეკოსისტემის კოლაფსს. ჯაჭვური რეაქციის ბოლო რგოლი კი, გარდაუვლად, ადამიანი იქნება.
პროექტი ითვალისწინებს 28 ტურბინა-გენერატორს, ქვესადგურს, 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზს, მიწისქვეშა კაბელებსა და შიდა მისასვლელ გზებს.
ტყით სარგებლობის უფლება „გოგნის ქარის კომპანიას“ ეროვნული სატყეო სააგენტოს ორი ბრძანებით, ორი წლის ვადით მიენიჭა (N 1955/ს, 04.08.2025 და N 2491/ს, 08.09.2025). იშვიათი ხეების ჭრაზე ხელი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს აქვს მოწერილი — მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი წესით. დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება (N 203/ს) გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 30 მარტს გამოსცა, განუსაზღვრელი ვადით.
ერთი მესაკუთრის სრული პასუხისმგებლობა
კორპორაციულ პროექტებში პასუხისმგებლობა ხშირად ბუნდოვანია, ვინაიდან ის სამეთვალყურეო საბჭოებზე, პარტნიორებსა და ინვესტორებზე ნაწილდება, მაგრამ არა ამ შემთხვევაში.
პროექტის უკან მდგომი კომპანიის, შპს „ეიჯი ვინდ ფაუერის“ (ს/ნ 404697271), 100%-იანი წილის მფლობელი ერთი ადამიანია – არჩილ გაჩეჩილაძე. კომპანია პროექტის განმახორციელებელი შპს „გოგნის ქარის კომპანიის“ (ს/ნ 404643418) 90%-ის მფლობელია. ამ ბიზნესსტრუქტურას კი მისი მეუღლე, ნინო ცხადაია, მართავს, რომელიც ორივე კომპანიის ერთპიროვნული დირექტორია.
ანუ, არ არსებობს საბჭო, რომლის უკანაც დაიმალები; არ არსებობს პარტნიორი, რომელთანაც ბრალს გაინაწილებ, ვინაიდან გადაწყვეტილების ცენტრი ერთია – გაჩეჩილაძის ოჯახი. კოლხური ტყის ჭრის ყოველი ჰექტარი სწორედ ამ ცენტრის გადაწყვეტილების შედეგია.
მოვლენების ქრონოლოგია აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს. არჩილ გაჩეჩილაძის კომპანიამ „გოგნის ქარის კომპანიის“ წილი 2023 წლის ოქტომბერში შეიძინა. მთავრობამ კი პროექტის განხილვა და ნებართვის გაცემის პროცედურა გაცილებით გვიან დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ გაჩეჩილაძე არ ყიდულობდა უკვე შეთანხმებულ პროექტს. ის ყიდულობდა პოტენციალს, რომელიც შემდეგ თავად აქცია ნებართვად. კომერციული ბანკის მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა საკუთარი ბიზნესისთვის მთავრობისგან მიიღო უფლება, გაეჩეხა იშვიათი, დაცული ტყე.
კომპანიის პასუხი – არგუმენტები, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოებრივი კრიტიკის საპასუხოდ, პროექტის მფლობელმა კომპანიამ bm.ge-ზე ფასიანი განცხადება გამოაქვეყნა. მასში მოყვანილი ძირითადი მტკიცებულებები ფაქტებით არ დასტურდება. აი, ისინიც:
- „ზემოქმედება ტერიტორიის 3%-ს არ აჭარბებს. ტყის 97% ხელუხლებელი რჩება“. გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) შესახებ ანგარიშის თანახმად, „გოგნის ქარის კომპანიას“ დაახლოებით 2 800 ჰექტარი ტერიტორია გამოეყო. ამ ტერიტორიის 3% ზუსტად 84 ჰექტარია – უნიკალური ტყის მასივის უზარმაზარი ფართობი. პროცენტი მცირედ ჟღერს მხოლოდ იმიტომ, რომ შედარების ბაზა ხელოვნურად დიდია.
- „მცენარეების ამოღება, მათ შორის, ნაწილობრივ, დაავადებული ხეების ჩანაცვლებას უკავშირდება“. „მთის ამბების“ მიერ ადგილზე გადაღებულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ გოგნის ტყეში სრულიად ჯანმრთელ, ასწლოვან ხეებს ჩეხავენ.
- „ალტერნატივები განვიხილეთ“. გზშ-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიამ მხოლოდ სამ ალტერნატივაზე იმუშავა და სამივე ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ტყიბულისა და თერჯოლის კოლხურ ტყეებში, მდებარეობდა. მეორე ალტერნატივა 21 ტურბინას და 168 მეგავატს ითვალისწინებდა, მესამე – 17 ტურბინას და 144 მეგავატს. საბოლოოდ კი კომპანიამ ყველაზე მასშტაბურ, 28-ტურბინიან ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა. ადგილი, სადაც გარემოსდაცვითი ზემოქმედება მინიმალური იქნებოდა, საერთოდ არ განუხილავს.
- „მშენებლობის პროცესში დასაქმებული იქნება დაახლოებით 400 ადამიანი.“ თუმცა, კომპანიის საკუთარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მიხედვით, მშენებლობის ეტაპზე 250 ადამიანი დასაქმდება, ექსპლუატაციის ეტაპზე კი — 15, დამატებით 30 დამხმარე პერსონალი მცენარეული საფარის გასუფთავებისთვის. შესაბამისად, საჯარო განცხადებაში მოყვანილი რიცხვი კომპანიის საკუთარ დოკუმენტაციას ეწინააღმდეგება.
- „ტყის ზონაში ქარის პროექტები მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში ხორციელდება“. ამ მტკიცების გასამყარებლად კომპანია არცერთ სახელმწიფოს არ ასახელებს. ევროპაში ასეთი პროექტები ნამდვილად არსებობს, თუმცა, მაგალითად, გერმანიაში უპირატესობა ენიჭება უკვე დაზიანებულ, მავნებლებისგან ან კლიმატური პირობებისგან განადგურებულ ტერიტორიებს და არსებულ ინფრასტრუქტურას, სწორედ იმისთვის, რომ ჯანსაღი ეკოსისტემები გადარჩეს. ევროკავშირის კანონმდებლობით ფინანსური კომპენსაცია არასდროსაა პირველი გამოსავალი: კომპანიამ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ პროექტის სხვაგან განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია. იშვიათი ენდემური სახეობების კომერციული მიზნით განადგურება ევროპული სტანდარტებით თითქმის გამორიცხულია.
მითი „ენერგოდამოუკიდებლობაზე“
პროექტის მთავარი საჯარო არგუმენტი – „სრული ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი“ – ციფრებით გადამოწმებას ვერ უძლებს. ოფიციალურად, საქართველოს ენერგოიმპორტი 10.86%-ია. თუმცა ამ რიცხვის უდიდეს ნაწილს რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის მოწოდებული ენერგია შეადგენს, რომლის საფასურს დანარჩენი საქართველო არ იხდის. ამ ფაქტორის გამოკლების შემდეგ კი ქვეყნის რეალური ენერგოდეფიციტი 5.81%-ამდე მცირდება. ხოლო 5%-იანი დეფიციტის დასაფარად უნიკალური კოლხური ტყე ჰექტრობით ნადგურდება.
ეკონომიკური არგუმენტიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 1.2 თეთრი ღირს. ახალი სადგურებისთვის კი სახელმწიფო, გარანტირებული შესყიდვის ვალდებულებით, გაცილებით ძვირს – კილოვატ-საათში 16-20 თეთრს ანუ ენგურჰესის ენერგიის საფასურზე 13-17-ჯერ მეტს იხდის. ზაფხულში, როცა იაფი ენერგიის სიჭარბეა, ჰესებიდან წყალი უბრალოდ იღვრება, რადგან სახელმწიფო პრიორიტეტს ამ ძვირადღირებულ ენერგიას ანიჭებს.
რა ფასს გადაიხდის გადამხდელი გოგნის სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაში? ეს გასაიდუმლოებულია. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება არ საჯაროვდება.
გარანტირებული შესყიდვის ეს სქემა — როცა სახელმწიფო ახალი სადგურებიდან ხანგრძლივი ვადით, არსებულ წარმოებაზე მრავალჯერ მაღალი ფასით შეისყიდის ენერგიას — ახალ, გავლენიან მესაკუთრეებს ამდიდრებს: ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს, მათ ოჯახის წევრებს, ბანკირებს. გოგნის შემთხვევაში კი ეს პირი „საქართველოს ბანკის“ დირექტორია.
ფორმალური საჯარო განხილვები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო განხილვები 2026 წლის 18-20 თებერვალს გაიმართა : ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ქ. თერჯოლაში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახალთერჯოლაში, ჩხარსა და გოგნში.
„მთის ამბებმა“ მუხურასა და გოგნში მუდმივად მცხოვრები რამდენიმე ათეული მოქალაქე გამოკითხა: მათთვის განხილვის შესახებ არავის შეუტყობინებია და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათივე ინფორმაციით, დამსწრეები ძირითადად სკოლების პედაგოგები და საბავშვო ბაღების თანამშრომლები იყვნენ.
გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განხილვის მთელ ადმინისტრაციულ წარმოებაზე წერილობითი შენიშვნა ან მოსაზრება არავის წარუდგენია.
იმავე დოკუმენტის ჩანაწერით, განხილვებზე ყურადღება გამახვილდა „გაჩეხილი ტყის სანაცვლოდ წიწვოვანი ნარგავების დარგვის“ საკითხზე. ანუ, ასწლოვანი წაბლის, კოლხური ბზისა და უთხოვარის ნაცვლად — წიწვოვანი ნარგავები. ეს ნამდვილად არ არის ადეკვატური ჩანაცვლება.
პროექტის 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დერეფანში 681 მიწის ნაკვეთი ხვდება, საიდანაც 474 კერძო საკუთრებაა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიხედვით, კერძო მესაკუთრეთა დაახლოებით 60%-თან შეთანხმება გაფორმებული იყო, დანარჩენ 40%-ზე კი დოკუმენტაციის მოწესრიგება ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ნებართვა მაშინ გაიცა, როცა დაზარალებულ მესაკუთრეთა 40%-თან საკითხი დაურეგულირებელი რჩებოდა.
კოლხური ტყეების გაჩეხვაზე გადაწყვეტილება მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი წესით მიიღეს, საჯარო განხილვისა და საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის გარეშე.
რატომ არ იცით ამის შესახებ
ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს გარემოსდაცვით საქმეს სიღრმისეულად ერთადერთი ონლაინმედია, „მთის ამბები“, აშუქებს. ეს შემთხვევითობა არ არის.
„საქართველოს ბანკი“ ქართული მედიის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო დამკვეთია და აქტიურად ახშობს უარყოფით მედიაგაშუქებას. საინტერესოა, იყენებს თუ არა არჩილ გაჩეჩილაძე ბანკის ფინანსურ ბერკეტებს იმისთვის, რომ მედია სწორედ ამ საკითხზე გაჩუმდეს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, ოდესმე დაისვა თუ არა ეს კითხვა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.
კრიტიკულ რეპორტაჟს კომპანიამ პასუხი ჟურნალისტებისთვის კი არ გასცა, არამედ ბიზნესმედიაში დაფინანსებული განცხადება შეიძინა. საქმის წარმოების მასალები, რომლებიც რედაქციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან და გარემოს ეროვნული სააგენტოდან წერილობით გამოითხოვა, გამოქვეყნების მომენტისთვის მიღებული არცკი ჰქონდა.
ჩაკეტილი ტერიტორია იმერეთში და ჩაკეტილი მედიასივრცე თბილისში ერთი და იმავე ლოგიკის ორი გამოვლინებაა: ინფორმაცია, რომელიც არ ვრცელდება, პასუხისმგებლობასაც არ წარმოშობს.
ორი ბიოგრაფია – ერთი ადამიანი
„საქართველოს ბანკი“ ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშებს მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ეს დოკუმენტები ბანკის საერთაშორისო რეპუტაციის ნაწილია ინვესტორებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟისთვის. მათზე პასუხისმგებელია გენერალური დირექტორი.
იმავდროულად, გენერალური დირექტორის პირად საკუთრებაში არსებული კომპანია ჩეხავს რელიქტურ კოლხურ ტყეს, მათ შორის, 7 533 წაბლს, 2 115 კოლხურ ბზას, 40 უთხოვარს და შემდეგ ტერიტორიას კეტავს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ტყე საუკუნეების განმავლობაში ეკუთვნოდათ.
ეს ორი ბიოგრაფია ერთმანეთთან შეუთავსებელია. ერთ-ერთი მათგანი ფარსია, ხოლო მეორე კი არის სინამდვილე – ბენზოხერხების ხმა, რომელიც იმერეთის მთებში ისმის…
კითხვები, რომლებზეც პასუხი არ არსებობს
- რატომ არ განიხილეს არცერთი ადგილი კოლხური ტყის გარეთ, როცა საკუთარ გზშ-ის ანგარიშშივე ორი ნაკლებად მასშტაბური ვარიანტიც იყო მითითებული?
- რატომ დაიტვირთა კომპანიის ქონება ფინანსური ვალდებულებით, როცა გარემოსდაცვითი ნებართვა ჯერ გაცემულიც არ იყო? რა აძლევდა მხარეებს შედეგში ასეთი წინასწარი დარწმუნების საფუძველს?
- რატომ არ საჯაროვდება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება, ანუ ის ტარიფი, რომელსაც ამ ელექტროენერგიაში საქართველოს მოსახლეობა გადაიხდის?
- ვისთვის გაიმართა საჯარო განხილვები, თუ მათ შესახებ მთავარმა დაინტერესებულმა მხარემ – ადგილობრივმა მოსახლეობამ – არაფერი იცოდა?
- რატომ დარჩა ათასობით „წითელი ნუსხის“ ხე ყოველგვარი დაცული სტატუსის გარეშე?
- რატომ არის ჩაკეტილი ტერიტორია?
კითხვების ადრესატი კომპანია არ არის. რადგან ამ კომპანიას არ ჰყავს საბჭო, რომელიც პასუხისმგებლობას გაინაწილებდა და ჰყავს მხოლოდ ერთპიროვნული მფლობელი, შესაბამისად, ადრესატი კონკრეტული ადამიანი იქნება – არჩილ გაჩეჩილაძე.
კრიტიკის სამიზნე
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ ქარის ენერგეტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორად დაგეგმილი პროექტი სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. მაგრამ ეს კონკრეტული პროექტი ამის მაგალითი ვერ იქნება.
როცა „მწვანე ენერგიისთვის“ მწვანე საფარი იჩეხება, ამ პრაქტიკას მსოფლიო ერთი სახელით იცნობს: „გრინვოშინგი“, იგივე მწვანე თვალთმაქცობა. ცივილიზებულ სამყაროში ის მავნებლობად ითვლება, საქართველოში კი მას „განვითარებას“ არქმევენ.
„მწვანეთა მოძრაობის“ მიმართვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისადმი ზუსტად ამ ლოგიკას ეფუძნება: არ დააფინანსონ პროექტი, რომელიც მათივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
შედეგი? 9 688 განადგურებული ხე, ერთი გამდიდრებული მესაკუთრე და საუკუნოვანი ტყე, რომელიც ხალხს წაართვეს.




