ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ დიალოგს მხარს უჭერენ.
მედიის ინფორმაციით, უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინგმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებენ.
„ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას, მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ დიალოგსა და მოლაპარაკებებს და კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები გააგრძელებენ დიალოგს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
„იმედია, რომ დაინტერესებული მხარეები გააგრძელებენ დიალოგსა და მოლაპარაკებებს, რათა მიაღწიონ სამართლიან, ხანგრძლივ და შესასრულებლად სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება“, – განაცხადა მაო ნინგმა.
