ჩეხურმა Forbes-მა ქართული რესტორანი „ბარაქა“ პრაღის რვა საუკეთესო უცხოური რესტორნის სიაში შეიყვანა

ჩეხურმა Forbes-მა ქართული რესტორანი „ბარაქა“ პრაღის რვა საუკეთესო უცხოური რესტორნის სიაში შეიყვანა
Forbes-ის ჩეხურმა რედაქციამ წარმოადგინა პრაღის რვა საუკეთესო რესტორნის სია, სადაც მხოლოდ ის რესტორნებია წარმოდგენილი, რომლებიც უცხოური სამზარეულოს საუკეთესო წარმომადგენლები არიან. რვა საუკეთესოს შორის შეხვდებით ქართულ რესტორან „ბარაქას“.
„ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ ჩეხეთში და პრაღის მკვიდრთ თავიანთი კულტურის ნაწილი, კონკრეტულად კი ავთენტური გასტრონომიული კულტურა გააცნეს. წარმოგიდგენთ რვა უგემრიელეს საერთაშორისო კერძს, რომლებიც პირველი ლუკმისთანავე გამოგზაურებთ უცხო ქვეყნებში.
ავთენტურმა გასტრონომიულმა დაწესებულებებმა ტრადიციული კერძებით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ეს წარმატება კი ყველაზე მეტად თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ რესტორნებთან ქუჩიდან დაწყებულ რიგებს ვხედავთ. ამ წარმატებელი დაწესებულებებიდან არაერთი მეორე ფილიალის გახსნასაც კი გეგმავს.
პრაღის ძველი ქალაქის შუაგულში მდებარე ქართული რესტორანი გთავაზობთ ავთენტურ სამზარეულოს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან ერთად. „ბარაქა“ სწორედ ის ადგილი გახლავთ საჭმლის მოყვარულთათვის, რომლებსაც ლეგენდარული ქართული ხაჭაპურის დაგემოვნება სურთ. ეს ტრადიციული ქართული კერძი მომზადებულია ფუმფულა ცომისგან, მისი შიგთავსი კი დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ქართული ყველისგან შედგება.
აქ ყველაფერი დამზადებულია უახლესი ინგრედიენტებით, რომლებიც ქართული სანელებლებითაა შეზავებული.
ყველაზე ცნობილი აჭარული ხაჭაპურია – ყველით სავსე გონდოლის ფორმის ცომის შუაში კვერცხის გულია ჩახლილი. მისგან განსხვავებით, მეგრულ ხაჭაპურს მრგვალი ფორმა აქვს, შიგთავსშიც ყველია და ზედაპირიც გამომცხვარი ყველით აქვს დაფარული. იმერული ხაჭაპურის შემთხვევაში კი ყველი მხოლოდ შიგთავსის სახით გვხვდება.
გარდა ამისა, თბილი, მყუდრო და სტუმართმოყვარე ქართული რესტორანი ყოველ საღამოს გთავაზობთ ტრადიციულ ცოცხალ მუსიკას, რომელმაც აგაცეკვებთ კიდეც და, რაც მთავარია, აუცილებლად მოგანდომებთ კავკასიის შეუდარებელი მთების დალაშქვრას,“ – წერს Forbes Česko .