ჩეხეთმა რუსული ნავთობის იმპორტი შეწყვიტა.
ბოლო 60 წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩეხეთში რუსეთიდან ნავთობი აღარ შევა.
ამის მაგივრად ქვეყანამ ოფიციალურად დაასრულა გადასვლა დასავლეთ TAL-ის ნავთობსადენზე, რაც მას რუსული ნედლი ნავთობისგან სრულიად დამოუკიდებელს ხდის.
„ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ევროკავშირის ბევრი ქვეყანა იძულებული გახადა, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შეემცირებინა. მათ შორის ჩეხეთმაც გადაწყვიტა, რომ დაეჩქარებინა პროექტი, რომელიც ცნობილია როგორც TAL-PLUS. აღნიშნული პროექტი ტრანსალპური მილსადენის (TAL) გამტარუნარიანობის გაფართოებას ითვალისწინებს, რომელიც იტალიის პორტებს ცენტრალურ ევროპასთან აკავშირებს.
გაფართოებული მილსადენის წყალობით ჩეხეთს ახლა შეუძლია დასავლური მარშრუტებით წელიწადში 8 მილიონ ტონამდე ნავთობი მიიღოს, რაც საკმარისია ადგილობრივი გადამამუშავებელი ქარხნების მოთხოვნილების სრულიად დასაკმაყოფილებლად.
ეს არის ისტორიული ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში, რითაც დასრულდა 60 წელიწადზე მეტი ხნის დამოკიდებულება „დრუჟბის“ მილსადენზე, რომელიც საბჭოთა დროიდან ჩეხეთს რუსული ნავთობით ამარაგებდა.
