ჩერგოლეიშვილი: ვიწყებთ ვიდეო პროექტს “ახალი რესპუბლიკა”, 10 სერია იქნება

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ს თქმით, პარტია 18 მარტს დაიწყებს 10 სერიისაგან შემდგარ პროექტს – “ახალ რესპუბლიკას”, რომელიც მაისში დაგეგმილ პრაიმერიზამდე გაგრძელდება. მისი განმარტებით, “პროექტის ამოცანაა, ქართველ ხალხს დაანახოს მათ პრობლემებზე ჩვენი სისტემური პასუხები და დაარწმუნოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე, რომ მხოლოდ ევროპული საქართველოს ხედვა დაასრულებს უდაბნოში ხეტიალს და მიგვიყვანს ახალ რესპუბლიკამდე”.
თამარ ჩერგოლეიშვილის ცნობით, პროექტში იასპარეზებს ორი გუნდი – ვეტერანები და ახლები.
“პროექტის ამოცანა ისიცაა, ამომრჩეველს დაანახოს, რომელი გუნდი უკეთ დაიცავს მათ ინტერესებს და ევროპული საქართველოს ხედვას პარლამენტში, იმისთვის რომ პრაიმერიზში ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს. გუნდებს დაუპირისპირდება კრიტიკოსთა პანელი. ჩვენ გვინდა, რომ კრიტიკოსთა პანელი შედგებოდეს არა მხოლოდ ექსპერტებისგან, ან ჟურნალისტებისგან, არამედ რიგითი მოქალაქეებისგანაც. ამას გარდა, იქნება დარბაზიც (თეატრში ვიღებთ) და შოუში მონაწილეობას დარბაზიც მიიღებს”. – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის მითითებით, პროექტის ფარგლებში განხილული იქნება თემები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებსა და პრობლემებს ასახავს.
“ჩვენ გვინდა ალტერნატიული პოლიტიკური პროცესის ჩვენება. გარდა იმისა, რომ ამომრჩევლის ინფორმირება მოვახდინოთ, გვინდა, ვაჩვენოთ, რეალურად როგორ ვხედავთ პოლიტიკურ პროცესს და პოლიტიკურ დებატებს. შოუს “ახალი რესპუბლიკა” ერქმევა და იქნება 10 სერია – თითოეული საათი ან მაქსიმუმ საათ-ნახევარი გაგრძელდება.
თავიდან ვფიქრობდით, რომ დაგვეყო და გაგვეკეთებინა თემებად – მართლმსაჯულება, განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება და ამგვარად გავყოლოდით რეფორმების სახელებს. თუმცა დღეს ვიმსჯელეთ და უკეთესი გადაწყვეტა მოვძებნეთ – გავყვებით არა რეფორმების სახელებით, არამედ თემებით, რომელიც ამოდის ხალხის ინტერესებად, იქნება ეს სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა თუ სხვა. ეს თემები დავაჯგუფეთ. ეს უფრო რთულსა და საინტერესოს ხდის პროცესს. ამას გარდა, თუ იმ საკითხს შლი რეფორმებად, რომელიც ადამიანს აწუხებს, მგონია, რომ ეს გაცილებით უფრო დააახლოებს პოლიტიკურ პროცესს ადამიანის ინტერესებთან”. – ხსნის ჩერგოლეიშვილი FB-Live-ში.
მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებს შესაბამისი ფორმების გაგზავნა მალე შეეძლებათ, სადაც ისინი საკუთარ ინტერესებს, თემებს და სხვა დეტალებს დააზუსტებენ.
“მალე გამოვაცხადებთ ქოლს და თან დავურთავთ ფორმებს, რომელსაც შეავსებს და გამოგვიგზავნის ის, ვისაც სურს, რომ ჩვენს ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა – რა ინტერესიც გაქვთ და რომელ გამოცემაში მონაწილეობის უფლებაც გაქვთ, შეგეძლებათ, მიუთითოთ. ამას გარდა, იქ იქნება დარბაზი და ამის მსურველებიც შეგვეხმიანეთ. პროექტი, სავარაუდოდ, 20 მაისამდე გაგრძელდება – 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და კარგი იქნება, რომ სიმბოლურად ამ დღეს ჩავატაროთ შიდაპარტიული არჩევნები”. – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.