რა ხდებოდა პარლამენტთან 2 მაისის ღამეს?

1-ელ მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია 17:00 საათზე, პარლამენტის უკან დაიწყო, სადაც სკვერში მყოფი დემონსტრანტები პოლიციამ დაბლა ჩამოყარა. 19:00 საათისთვის კი მოქალაქეებმა შეკრება საკანონმდებლო ორგანოს წინაც დაიწყეს. იმ დროისთვის, სპეცრაზმელები უკვე ჩიტაძის ქუჩაზე იყვნენ განლაგებული, რადგან პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც დეპუტატები რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავდნენ. მალევე, რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მე-2 მოსმენით მიიღო, რამაც მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია. ამის შემდეგ, პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა.
ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტის ჭიშკარს აზანზარებდნენ, რაზეც შენობის ეზოში მყოფმა სპეცრაზმელებმა ძალის გამოყენება დაიწყეს. თავდაპირველად, მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, შემდეგ კი ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეიც გაუშვეს. თვითმხილველების ცნობით, მათ რეზინის ტყვიებიც ისროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჭრილობა თვალის არეში მიიღო.
ამის შემდეგ, ჩიტაძის ქუჩაზე დემონსტრანტებმა დამცავი ბარიკადების აგება დაიწყეს და ცეცხლიც აანთეს. სპეცრაზმელები მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს კვლავ იყენებდნენ და ქაფსაც ასხამდნენ. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილმა იუსტიციის სახლთან გზა, მტკვრის მარცხენა სანაპირო და მშრალი ხიდი გადაკეტა.
სპეცრაზმელებმა ჩიტაძის ქუჩაზე ხალხის დაშლა წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ სცადეს, თუმცა, აქციის მონაწილეები ადგილზე მაინც დაბრუნდნენ და პროტესტი განაგრძეს. მათ სახელმწიფო დაცვის სპეციალურის სამსახურის შენობის შესასვლელიც ჩახერგეს. ღამის 03:00 საათისთვის დემონსტრანტები პროტესტს აგრძელებდნენ. ახალგაზრდები პარლამენტის ჭიშკართან, ბარიკადებზე იდგნენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ – სპეცრაზმი კი მათ კვლავ ასხამდა წყლის ჭავლს.
გვიან ღამით რუსთაველზე სპეცრაზმი რამდენიმე მიმართულებით გამოჩნდა. დაახლოებით, 04:15 საათისთვის პოლიციამ წყლის ჭავლი ჭიჭინაძის მიმართულებით მდებარე შესასვლელიდანაც გამოიყენა. აქცია გამთენიისას დასრულდა.