შოთა დიღმელაშვილი: როცა პირიქით, სპორტსმენი, რომლის სახელსაც პრესკონფერენციით ვიგებთ და არა მის გამო სადმე აწეული დროშით, მმართველ ელიტებს ეხუტება და სუსტების ჩაგვრით იმუქრება, აბა, რა ეროვნული ღირსების დაცვაზეა საუბარი?

შოთა დიღმელაშვილი Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი:
პროფესიონალ მებრძოლს შეუძლია საკუთარი ღირებულებებისთვის საზოგადოებრივ ასპარეზზე იბრძოლოს. ამის საუკეთესო მაგალითია მუჰამედ ალი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ მიიჩნევა.
ალი ბევრს ჰყავდა გალახული – სპინქსსაც, ნორტონსაც, ჰოლმსსაც და ბერბიკსაც, მაგრამ ვთანხმდებით, რომ მაინც ყველაზე მაგარი იყო.
რატომ? იმიტომ, რომ ხალხის ჩემპიონი იყო. იმიტომ, რომ ჩაგრულების უფლებებისთვის იბრძოდა, თან ძლიერებთან – რინგზეც და მის მიღმაც.
მისი ბრძოლა იყო ღირსებისთვის ბრძოლა, რადგან მწვერვალზე მყოფს შეეძლო, ყველა სპორტული მიღწევა დაეთმო და თანასწორობის ღირებულებისთვის უძლიერესი ქვეყნის მთავრობას დაპირისპირებოდა, მსოფლიო ჩემპიონის კარიერა გაერისკა და პრაიმის წლები რინგს მიღმა გაეტარებინა.
ალი იმიტომ კი არ წავიდა ციხეში, რომ სპორტის მიღმა ვინმე ცემა ან მოკლა, იმიტომ წავიდა ციხეში, რომ პირიქით, რინგს მიღმა ვინმეს ცემაზე და მოკვლაზე უარი თქვა. და ვის უთხრა უარი? სამყაროს უდიდეს გეოპოლიტიკურ ძალას, რომლის რისხვისაც პლანეტაზე ყველას ეშინოდა.
და როცა პირიქით, სპორტსმენი, რომლის სახელსაც პრესკონფერენციით ვიგებთ და არა მის გამო სადმე აწეული დროშით, მმართველ ელიტებს ეხუტება და სუსტების ჩაგვრით იმუქრება, აბა, რა ეროვნული ღირსების დაცვაზეა საუბარი?
თუ რამეს შეიძლება ერქვას ღირსების შელახვა, ესაა. ესაა ქვეყნის დაცემა შეუმდგარ სახელმწიფომდე, რომელსაც ბევრი საამაყო არაფერი აქვს და საკუთარი ძლიერების არგუმენტად მხოლოდ სპორტსმენები შერჩა.
ზოგიერთ ასეთ “რესპუბლიკას” საკუთარი დროშაც აღარ აქვს, რომ თუნდაც სპორტული გამარჯვების შემდეგ აწიოს. როცა შენი საქციელით იგივესკენ მიგყავს ქვეყანა, იმათ რიგში ხარ, ვინც ეროვნულ ღირსებას ძირს უთხრის და არა პირიქით.

ასევე დაგაინტერესებთ