შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილია წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაში ლატვიასა და შვედეთს შორის. ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურა იტყობინება.
წყალქვეშა კაბელი 26 იანვარს დილით დაზიანდა. ის ეკუთვნის ლატვიის რადიო-ტელეცენტრს (LVRTC) და 50 მეტრზე უფრო მეტ სიღრმეზე გადის. დაზიანების მოცულობა და ტიპი ჯერ არ არის დადგენილი.
აღნიშნავენ, რომ ლატვიელი მომხმარებლები კავშირის გარეშე არ დარჩენილან, ვინაიდან მონაცემთა გადასაცემად სხვა მარშრუტები გამოიყენება.
შვედეთის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო. შვედეთის ხელისუფლებას აქვს ეჭვი, რომ კაბელის გაწყვეტა დივერსიის შედეგი შეიძლება იყოს. სამეთვალყურეო ორგანოში განაცხადეს, რომ ახლა მიმდინარეობს „საგამოძიებო ღონისძიება“.
ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა მანამდე დაადგინეს ხომალდი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელის დაზიანებასთან. სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო გემი გაგზავნეს ხომალდ Michalis San-ის შესამოწმებლად, რომელიც რუსეთისკენ მიემართებოდა. ის მალტის დროშით დაცურავს. ლატვიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა მარის პოლენცსმა თქვა, რომ გემზე არ აღმოუჩენიათ არაფერი საეჭვო, მათ შორის არც დაზიანებული ღუზა.
ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიის ზღვაში ორი სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკული კაბელი დაზიანდა (უკანასკნელი ინციდენტის გარდა). ამჟამად ფინეთშია დაკავებული კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი Eagle S. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნაწილია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა“, რომელსაც მოსკოვი იყენებს ნავთობის ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ითვლება, რომ სწორედ ამ გემის ღუზამ გაჭრა ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი კაბელი Estlink 2. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი ამტკიცებდა, რომ კაბელის გაწყვეტა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ მოწყობილი დივერსიაა.
19 იანვარს The Washington Post-ი „აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით“ იტყობინებოდა, რომ ინციდენტების გამოძიებაში მონაწილე სამი დაუსახელებელი ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სადაზვერვო თანამეგობრობა თანდათან მივიდა დასკვნამდე, რომ კაბელების კომერციული გემით დაზიანება არ ყოფილა მოსკოვის მითითებით განხორციელებული მიზანმიმართული მოქმედებების შედეგი. ამ ინფორმაციით, დღემდე არსებული მტკიცებულებები მოწმობს, რომ კაბელები დაზიანდა გემების ეკიპაჟების გამოუცდელობის გამო.
ყველა ექსპერტი არ ეთანხმება ამ შეფასებას. ფინურ გამოცემა Yle-თან ინტერვიუში ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის (KRP) საგამოძიებო განყოფილების დირექტორმა, სისხლის სამართლის კომისარმა სამი ლიიმატაინენმა, ასევე გამოთქვა ეჭვი წყალქვეშა კაბელების გაწყვეტაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ. მან თქვა, რომ კოლეგებისგან „არაფერი სმენია“ მოსკოვის უდანაშაულობის შესახებ და რომ გამოძიება გრძელდება. ფინეთის საგამოძიებო ბიურომ ოფიციალურად განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
ფორუმი