შვედეთი თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას მიესალმება

შვედეთი თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას მიესალმება, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა განაცხადა.
„ჩვენ თურქეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადის დამტკიცებას მივესალმებით“, – წერს ბილსტრომი X-ზე.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესახებ შემდეგ ნაბიჯს თურქეთის პარლამენტის კენჭისყრა წარმოადგენს.
„ჩვენ ნატოში გაწევრიანებას მოუთმენლად ველით“, – აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება კენჭისყრა თურქეთის პარლამენტში.