შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე და აქციის მონაწილეებზე თავდასხმა – მედიაომბუდსმენი შს სამინისტროს

„მედიამბუდსმენის“ ინფორმაციით, დღეს, 29 ნოემბერს, აქციის გაშუქებისას დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია მიაწოდეს.

აქციაზე დაშავდნენ „ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველის“ და „პუბლიკას“ ჟურნალისტები და ოპერატორები.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს გამოცემის ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. მოგვიანებით ის  ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სცემეს, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში. პოლიციამ მას წაართვა კამერები.

„მედიაომბუდსმენი“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მედიაზე და აქციის მონაწილეებზე თავდასხმა.

ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია „მედიაომბუდსმენის“ საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევა 29 ნოემბერს, ღამით დაიწყეს. -მ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. მოქალაქეების ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ წყლის ჭავლში სავარაუდოდ სხვა ნივთიერებაც არის გარეული.

ამ დრომდე [4:00 სთ] დაძაბულობაა ჭიჭინაძის ქუჩაზე. დააკავეს არაერთი მოქალაქე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიტინგის დარბევა უკანონოდ და არაპროპორციული ძალით მიმდინარეობს.

28 ნოემბერს, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს 2028 წლამდე. განცხადების შემდეგ, სპონტანურად, საქართველოს 5 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში საპროტესტო აქციები დაიწყო. თბილისში აქცია ამ დრომდე გრძელდება.