შესაძლოა “ოცნების ფარა” ჯილდოს სახით მიღებულ თანხასაც შეეხოს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, შესაძლოა ჯილდოს სახით მიღებული თანხის გამოც კი ორგანიზაციები და ფიზიკური პირები “ქართული ოცნების” მიერ მიღებული “აგენტების კანონის” ქვეშ მოექცნენ.
ამის შესახებ მან დღეს, 21 მაისს, ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა.
სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. ფარას აღმასრულებელი უწყება.
რაჟდენ კუპრაშვილს “სტუდია მონიტორის” ხელმძღვანელმა ნინო ზურიაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ჰკითხა ჯილდოდ მიღებული თანხა, რომელიც ორგანიზაციას გადასცეს, ხდის თუ არა მას კანონქვემდებარეს.
“თუ დააკმაყოფილებს [კანონით გათვალისწინებულ] დანარჩენ კრიტერიუმებს ორგანიზაცია, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ფული ფორმით აქვს მიღებული – ჯილდოთი, თხოვებით თუ ა.შ.”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
კითხვაზე, უცხოეთში სასწავლო ტურში მონაწილე ფიზიკური პირი, მაგალითად ჟურნალისტი, ხდება თუ არა კანონის ქვემდებარე, კუპრაშვილი პასუხობს:
“ამ შემთხვევაშიც თუ აკმაყოფილებს კანონის კრიტერიუმებს, შეეხება”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მაგალითად რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალისტი, რაჟდენ კუპრაშვილი განმარტავს:
“ჟურნალისტი, რომელიც ფინანსდება უცხოური ფულით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის დონორი და აკეთებს პოლიტიკას, მას მოუწევს დარეგისტრირდეს “ფარას” ვებგვერდზე”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
კითხვაზე, რას ნიშნავს “ჟურნალისტი აკეთებს პოლიტიკას”, რაჟდენ კუპრაშვილი პასუხობს:
“მაგალითად, პოლიტიკური გადაცემა, რომელიც მიჰყავს [ჟურნალისტს], იწვევს პოლიტიკოსებს… ძალიან ბევრი გადაცემა შეგვიძლია მივასადაგოთ”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტურ გამოძიებას, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით:
“ჟურნალისტური გამოძიება არის ფაქტების კონსტატაცია და შეიძლება არ შევიდეს. მაგალითად, თქვენ გამოიძიეთ ვინმეს კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით და რაღაც სიუჟეტი გააკეთეთ, თუ ეს სიუჟეტი არის ფაქტების კონსტატირება, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, არ დაექვემდებაროს “ფარას” რეგისტრაციას. მე არ შემიძლია კონკრეტულ ქეისებზე გიპასუხოთ, მაგრამ კაბინეტში რომ დავჯდები შეიძლება სხვა რაღაც იყოს, ამიტომ ვამბობ ზედაპირულად”, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ამასთან, კუპრაშვილი დაზუსტებით ვერ პასუხობს კითხვას რომელ მედიაორგანიზაციებს შეეხება კანონი. მისი თქმით, ეს შესწავლის შემდეგ გამოჩნდება.