შემთხვევების ზრდასთან ერთად, მოსახლეობის მესამედისთვის აივ ტესტირებას მოითხოვს

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ აივ ინფექციის/შიდსის გავრცელების შესაჩერებლად, ყოველწლიურად ყოველმა მესამე მოქალაქემ უნდა ჩაიტაროს ტესტირება.
“ყოველმა მესამე მოქალაქემ უნდა გაიაროს ტესტირება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რისკის-ჯგუფებს. ეს ინფექციის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის ერთადერთი გზაა,” – განაცხადა მურაშკომ ჯანდაცვის სამინისტროს შეხვედრაზე.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (Роспотребнадзор) მიხედვით, 2024 წელს რუსეთში რეკორდული რაოდენობის ადამიანი გამოიკვლიეს – 54 მილიონზე მეტი (მოსახლეობის 37%). ეს 7%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით და თითქმის ორჯერ აღემატება 2014 წლის გამოკვლეულთა მაჩვენებელს (28.3 მილიონი).
მიუხედავად ამისა, ჯანდავცის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2023 წლის მონაცემებით, რუსეთში აივ ინფექციის გავრცელება 100 000 ადამიანზე 890 შემთხვევას შეადგენს.
რუსეთის მაჩვენებელი შეედრება არაერთ აფრიკის ქვეყანას, მაგალითად, გვინეას (874), ლიბერიას (944), ჩადს (771) და ეთიოპიას (601) და მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა საფრანგეთი (358), გაერთიანებული სამეფო (191) და შვედეთი (54).