შალვა პაპუაშვილს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე – გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინება

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე – გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინება.
ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება.
საარჩევნო კანონმდებლობისა და პარლამენტის რეგლამენტის ახალი წესის თანახმად, კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. მანამდე კი, საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით 12 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი პარლამენტში მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. რაც შეეხება ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებს, განცხადებები ლუხუმ ბურჯალიაინმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.
მმართველი უმრავლესობის ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებამდე, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტი აცხადებდა. უკვე მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს სწორედ ის წარუდგენს.
ამასთან, “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3-ეტაპიანი გახდა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება.
კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი.
76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა