შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის (ქვედა პალატა) თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმაილოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს.
„შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა უზბეკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სექტორებში.
ნურდინჟონ ისმაილოვის თქმით, საქართველოს პარლამენტარიზმის მდიდარი ისტორია გააჩნია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გააღრმავებენ საპარლამენტო კავშირებს, მათ შორის, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე, ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლებენ საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ წელს სრულდება საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი და გამოხატეს არსებული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის საკითხს.
ასევე, შალვა პაპუაშვილმა უზბეკი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
შეხვედრა გაიმართა ცენტრალური აზიის რეგიონში შალვა პაპუაშვილისა და თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი; თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; უზბეკეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი სოზარ სუბარი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ