შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე – ეს არის ქართულ პოლიციაზე თავდასხმის ტენდენციები და კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩო საკითხზე განმარტებას გააკეთებს

გუშინ, ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე, ვგულისხმობ ბატონ აუსტრევიჩუსს, ეს ევროპარლამენტარი, ამავდროულად, არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წევრი – კარგი იქნება თუ ლიეტუვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
პაპუაშვილის განცხადებით, თავდასხმა პოლიციაზე, არის თავდასხმა სახელმწიფოზე.
„აუსტრევიჩუსი არის, მათ შორის, ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, შესაბამისად, კარგი იქნებოდა თუ შესაბამის განმარტებას მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ამავდროულად, ჩვენ გვახსოვს, სამწუხაროდ, თავად ლიეტუვის ელჩის განცხადება 2021 წელს, როდესაც ს დაკავება მოხდა, მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას, რომელიც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო კანონით გათვალისწინებული ღონისძიება და თქვა, რომ ლიეტუვის მაშინდელი ელჩის განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ასე რომ ეს არის ქართულ პოლიციაზე თავდასხმის ტენდენციები სამწუხაროდ, და კარგი იქნება თუ ლიეტუვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ „მოლოტოვის კოქტეილებისა“, რომლის სროლაც ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ დაფინანსებით ხდებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, რადგან მისი თქმით, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ.