შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს დემოკრატია, ზრუნავს იმაზე, რომ ჰქონდეს თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, რაც გულისხმობს, რომ დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას.
„თუ გვინდა, რომ ქართული დემოკრატია გადარჩეს, ქართული დემოკრატია განვითარდეს, არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას მილიონ ას ოცი ათასი ამომრჩეველი, რომელმაც შარშან არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი. მიზანი არის ზუსტად ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი, ექსტრემისტი, ანტიკონსტიტუციური ძალებისგან. რაც შეეხება ინსინუაციებს – ექსტრემისტული ძალა ვერ იქნება ოპოზიცია, ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ექსტრემისტები არიან ექსტრემისტები და რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი უკვე დააყენა დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა იმით, რომ არ მონაწილეობდა არჩევნებში, იმით, რომ აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ალიანსში მყოფი სხვა მსგავსი ჯგუფები არ არიან ოპოზიცია, ეს არიან ექსტრემისტული, ანტიკონსტიტუციური, რადიკალი ჯგუფები. ჩვენი მიზანია, რომ სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი. შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს, ვის რა ეკუთვნის, ვის რა არ ეკუთვნის, ვინ რა დაარღვია ან არ დაარღვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.