არ არის სერიოზული ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი, რომელიც პრემიერი იყო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, არჩევნებში ე.წ. პირადობის მოწმობებით მანიპულირებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას სახელით მეილები მიუვიდათ საჯარო მოხელეებს, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს საჯარო მოხელეების მინიმუმ მეილების ბაზა, რაც არ შეიძლება რომ ჰქონდეს.
„საინტერესოა…მისი ბრალდება დაიწყო სიტყვებით: „ჩვენი ვარაუდით“. ალბათ, ჭორაობის თანამედროვე ტერმინია „ვარაუდით“. გასაგებია, რომ ამ საკითხზე ჭორაობს, თუმცა რაც არ არის ჭორი, არის ის, რომ პირადად მისი სახელით მიუვიდათ მეილები საჯარო მოხელეებს, რაც ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მას აქვს საჯარო მოხელეების მინიმუმ მეილების ბაზა, რაც არ შეიძლება რომ ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ის და მისი პარტიის წევრებიც საჯარო სამსახურში იყვნენ, გასარკვევია ხომ არ ჰქონდათ წვდომა ასეთ ბაზებზე, ხომ არ გაიტანეს კანონის დარღვევით ეს ბაზები და იყენებენ პარტიული დანიშნულებით. რამდენადაც ვიცი, პერსონალური დაცვის სამსახურმა ამ საკითხის მოკვლევა დაიწყო. გასცენ პასუხი, რაც ნამდვილად ვიცით, მისი სახელით ყველა საჯარო მოხელეს მოუვიდა ერთდროულად მეილი, რაც მიუთითებს, რომ ის ბაზა აქვს, რაც არ უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება იმ ჭორს, რასაც ის ავრცელებს, არ არის სერიოზული ასეთი ჭორაობით იყოს დაკავებული ადამიანი, რომელიც პრემიერი იყო“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.