“შავ პარასკევს” ამერიკელები რეკორდულ $75 მილიარდს დახარჯავენ – ანგარიში

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შავი პარასკევიდან კიბერ ორშაბათის ჩათვლით დღეებში, -ის საცალო ვაჭრობის სექტორში გაყიდვები რეკორდულ ნიშნულს, $75 მილიარდს მიაღწევს. Bain & Company-ის ანგარიში აჩვენებს, რომ შოპინგის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვან უქმეებზე, წლიურ ჭრილში, გაყიდვების 5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ამავე ორგანიზაციის პროგნოზს სადღესასწაულო სეზონზე (ოქტომბერი-დეკემბერი) გაყიდვების მოცულობის 3%-იანი ზრდის შესახებ.
კვლევა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა ქცევა კვლავ უცვლელია – მათ უმრავლესობას ურჩევნიათ, სეზონის სწორედ ისეთ დღეებში იარონ საყიდლებზე, როგორებიცაა შავი პარასკევი და კიბერ ორშაბათი. ამასთან, კვლავ მოსალოდნელია, რომ შავი პარასკევი, ამერიკელი რითეილერებისთვის ყველაზე შემოსავლიანი დღე იქნება.
რაც შეეხება კიბერ ორშაბათს, როდესაც კომპანიები ფასდაკლებებს ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებზე ანთავსებენ, ნავარაუდებია, რომ, ელექტრონული კომერციის ზრდის ტემპის შენელებასთან ერთად, ეს დღე რელევანტურობას დაკარგავს. მომხმარებელთა ქცევა აჩვენებს, რომ შენაძენის ონლაინ გაკეთება სხვა დღეებშიც თითქმის იმავე პოპულარობით სარგებლობს, როგორც შავი პარასკევის შეთავაზებების ფარგლებში.
ამასთან, Bain-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პოპულარული იქნება მადლიერების დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე ვაჭრობაც, რაც მადლიერების დღეს მაღაზიებისა და სხვა ობიექტების დახურვით აიხსნება. აღნიშნული ტენდენცია 2023 წელსაც გამოიკვეთა.
კვლევის თანახმად, რითეილ სექტორი მომენტუმს შობის დღესასწაულამდე შეიანრჩუნებს. გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს ელოდებიან 21 და 23 დეკემბერს, რასაც სადღესასწაულო გაყიდვების სრულ სურათზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.
“მიუხედავად საცალო ვაჭრობის სექტორში გაყიდვების ზრდის ტემპის შენელებისა, ვვარაუდობთ, რომ შავი პარასკევი და კიბერ ორშაბათი სადღესასწაულო სეზონის ნათელი წერტილები აღმოჩნდებიან და სადღესასწაულო დანახარჯებში, ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ყველაზე დიდ პროცენტულ წილსაც დაიკავებენ.
შავი პარასკევი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა რითეილერებისთვის, დახვეწონ თავიანთი სარეკლამო სტრატეგიები, უზრუნველყონ ადეკვატური ინვენტარიზაცია და იდეალური სამომხმარებლო გამოცდილება. კომპანიები, რომლებიც მზად არიან, მომხმარებელთა ეს მოთხოვნები დააკმაყოფილონ და სადღესასწაულო სეზონი პრიორიტეტად აქციონ, ბევრად წინ წავლენ”, – განაცხადა Bain & Company-ის წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, შავი პარასკევი ყოველთვის ემთხვევა ნოემბრის მეოთხე პარასკევს და უკავშირდება მადლიერების დღეს, რომელიც აშშ-ში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ეს ნიშნავს, რომ შავი პარასკევი მოსდევს მადლობის დღეს და ზუსტად განსაზღვრავს საშობაო სავაჭრო სეზონის დაწყების თარიღს. 2024 წელს შავი პარასკევი 29 ნოემბერს ემთხვევა.