თბილისის მერიამ 5000-ლარიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა სამოქალაქო აქტივისტს, თამარ კურატიშვილს, რომელმაც 2025 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევნის წყალი წითლად შეღება. მერიის სამსახური მიიჩნევს, რომ ეს იყო „საზიანო ნარჩენები“.
ზუსტად 6 წლით ადრე, 2019 წლის 20 ივნისს, დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ანტირუსული აქცია პოლიციამ ძალადობრივად დაშალა – ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, მძიმე დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმაც. სწორედ ამ დღის გახსენებას შეეხებოდა თამარ კურატიშვილის პერფორმანსი.
„გავრილოვის ღამის“ შესახებ
2019 წლის 20 ივნისის დილას საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.
მოგვიანებით საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.
ანტისაოკუპაციო აქცია იმავე დღეს, 20 ივნისს, 19:00 საათისათვის, დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის საშუალება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ ჰქონდა.
ოპოზიციის ლიდერებმა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს და ამისთვის მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს.
22:00 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.
იმ ღამით არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა – გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა – თვალი დაკარგა.
