„ყველაზე დიდი მოთხოვნა კულინარიასა და კონდიტერიაზეა და აქ დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია“ – კოლეჯი „იკაროსის“ დირექტორი

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად, კოლეჯი „იკაროსის“ დირექტორმა რუსუდან ჩართოლანმა პროფესიული განათლების ჯოლეჯში არსებულ პროგრამებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პროფესიულ სასწავლებელს ამ დრომდე 4000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს და ისინი წარმატებით არიან დასაქმებული თავისი მიმართულებით.
კოლეჯს 4 ასწავლო პროგრამა აქვს, რომელთაგან ყველაზე დიდი მოთხოვნა კულინარიასა და კონდიტერიაზეა.
„კოლეჯი „იკაროსი“ 2008 წლიდან ფუნქციონირებს და უკვე 4000-ზე მეტი კურსდამთავრებული გვყავს. ისინი საკმაოდ წარმატებული არიან მიღებული ცოდნითა და განათლებით.
ამ ეტაპზე სულ 4 პროგრამა გვაქვს: კულინარია, კონდიტერია, სარესტორნო მომსახურება და სასტუმრო მომსახურება.
კონკურსი ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე 500 ადგილზე გვაქვს გამოცხადებული მიღება და გარკვეული პროგრამები უკვე კონკურსზეა გასული. ყველაზე დიდი მოთხოვნა კულინარიასა და კონდიტერიაზეა და აქ დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 2 ინტეგრირებულ პროგრამაზე გვაქვს შეთავაზება. ეს არის სარესტორნო მომსახურება და სასტუმრო მომსახურება.
გვაქვს როგორც სადიპლომო პროგრამები, ასევე მოკლევადიანი პროგრამები. პედაგოგების უმეტესი ნაწილი მოწვეული არიან წამყვანი სასტუმროებიდან და რესტორნებიდან. არიან წამყვანი მენეჯერები, შეფ მზარეულები, შეფ კონდიტერები და ეს არის კოლეჯის წარმატების მაჩვენებელი
ასევე გვაქვს გაცვლითი პროგრამები გერმანიასთან და გერმანელები აფინანსებენ როგორც გერმანული ენის სწავლას, ისე ხარჯებს, სხვადასხვა ქალაქში“, – განაცხადა რუსუდან ჩართოლანმა.
მისი თქმით, კოლეჯის წარმატებულ საქმიანობას პროფესიონალი პედაგოგების შრომა განაპირობებს, რომელთა შორის ბევრი წამყვანი სასტუმროსა თუ რესტორნის შეფი და მენეჯერი ან თავად კოლეჯის კურსდამთავრებულია.
„ძალიან ბევრი კურსდამთავრებული მოწვეული გვყავს უკვე როგორც პედაგოგი. მათ გაიარეს დიდი სკოლა, სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს დიდი გამოცდილება, გახდნენ წარმატებული შეფები და უკვე არიან კოლეჯის პედაგოგები“, – აღნიშნა კოლეჯის დირექტორმა.
როგორც მან განმარტა, კონდიტერიის 25 ადგილზე უკვე 90 განაცხადია შესული, კულინარიაზე – 158 ადგილია გამოცხადებული და პროგრამა კონკურსზეა გასული. შარშან კოლეჯის 400 ადგილზე 1400 განაცხადი იყო დაფიქსირებული.
კოლეჯ „იკაროსში“ სწავლა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 3 ცვლაში მიმდინარეობს. მსმენელს შეუძლია ისწავლოს და თან იმუშაოს.