ყარაბაღელ დე ფაქტო პრეზიდენტებსა და სხვა მაღალჩინოსნებს ბაქომ უვადო პატიმრობა შეუფარდა

ბაქოს სამხედრო სასამართლოში სომხეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ სასამართლო პროცესზე 5 თებერვალს ბრალდებულთა მიმართ განაჩენები გამოცხადდა. სასამართლომ არაერთ პირს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს – ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა. ომის მსვლელობისას აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის იმდროინდელი და ყოფილი ლიდერები, ასევე სხვა მაღალჩნოსნები დააპატიმრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების რიგი ბრალდებებით, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსება, შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება, შეაიარაღების კონტრაბანდა. სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობდა. ოფიციალურმა ერევანმა დაგმო მათი დაკავება. 2024 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკამ [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] არსებობა შეწყვიტა.
როგორც სააგენტო APA იუწყება, სასამართლომ არაიკ ჰარუთიუნიანს [ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი], დავით ბაბაიანს [ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი], დავით იშხანიანს [დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე], ასევე სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში – დავით მანუკიანს და ლევონ მნაცაკანიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ყველა აღნიშნულ შემთხვევაში სწორედ უვადო სასჯელს ითხოვდა და სასამართლომ ეს მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.
ამავე დღეს გამოცხადდა განაჩენები სხვა ბრალდებულების მიმართაც. ბაკო სააკიანს [ასევე, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი], რომლის მიმართაც ასევე არსებობდა უვადო პატიმრობის მოთხოვნა, სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოფიციალური ცნობით, გადაწყვეტილება მიიღეს იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენის გამოტანის მომენტისთვის ბრალდებულს 65 წელი შეუსრულდა, რაც აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უვადო პატიმრობის გამოყენებას გამორიცხავს.
apa.az- ს ცნობითვე, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ასევე არკადი გუკასიანს [ასევე, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი] ხოლო მადათ ბაბაიანს, რომელმაც ხოჯალის მოვლენებში მონაწილეობა აღიარა, სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბაქოში მიმდინარე სასამართლო პროცესი ეხებპდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან |სომხეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ჩადენილ მძიმე დანაშაულებში, მათ შორის – მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში, სამხედრო დანაშაულებში, აგრესიული ომის დაგეგმვასა და წარმოებაში, გენოციდში, ომის კანონებისა და წესების დარღვევაში, ტერორიზმში, ტერორიზმის დაფინანსებაში, ხელისუფლების ძალადობრივ ხელში ჩაგდებასა და მის ძალადობრივ შენარჩუნებაში”.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო apa წერს, ბაქოს სამხედრო სასამართლოში პროცესი განაჩენების გამოცხადებით გრძელდება, ხოლო მომდევნო სხდომები უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.