ყაზახეთის პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო „მასმედიის შესახებ“ კანონპროექტი

17 აპრილს გამართულ პლენარულ სხდომაზე ყაზახეთის პარლამენტის დეპუტატებმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს მთავრობის კანონპროექტს „მასმედიის შესახებ.“
კანონპროექტის მიღებამ საზოგადოების წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია.
გავრცელდა ცნობა, რომ დეპუტატების მიერ ცოტა ხნის წინ შემოთავაზებული ცვლილება „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტში არ შევიდა. კულტურისა და ინფორმაციის ვიცე-მინისტრმა, კანატ ისკაკოვმა 17 აპრილს საკანონმდებლო ორგანს დერეფანში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ასეთი ნორმა საბოლოო დოკუმენტში არ არის შეტანილი. კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს არ შემოიღონ ნორმა და რატომ განიხილეს ის საერთოდ, ისკაკოვმა უპასუხა, რომ არ იცის, და რომ ის „ ეს დეპუტატების ინიციატივაა. მაგრამ საბოლოო კანონპროექტში, რომელსაც პატივცემულმა დეპუტატებმა ახლა კენჭი უყარეს, ეს დებულება არ არის“ – თქვა მან.
როგორც The Village Kazakhstan-ი წერს, კანონპროექტით გათვალისწინებულია „საინტერნეტო გამოცემის“ ცნების შემოღება და მასთან ყველა საიტის გათანაბრება. კანონის ამოქმედების შემდეგ ისინი რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ. გარდა ამისა, ახალი კანონით შემცირდება მასმედიის საშუალების მოთხოვნაზე რეაგირების დრო ხუთ სამუშაო დღემდე. დაკანონდება ასევე, რომ მთლიანი შინაარსის მოცულობის სულ მცირე 55 პროცენტი ყაზახურ ენაზე უნდა იყოს.
კანონით, გათვალისწინებულია ასევე კონკრეტული რეკომენდაციები ჟურნალისტების სტატუსის გაზრდის, მათი უფლებების და მოვალეობების დამტკიცების მიზნით და ასევე, ჟურნალისტების პრივილეგიების გაფართოების პირობების შექმნისთვის.
როგორც ამ კანონპროექტის გამო შექმნილის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჟანარბეკ ამიჟანოვი ამბობს, „კანონპროექტში იყო შეტანილი ნორმა ცალკეული ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის პრეს-ბარათების გაცემის ნორმის გამარტივების შესახებ. ღიად რომ ვთქვა, ამ ნორმას დიდი დისკუსია მოჰყვა სამუშაო ჯგუფსა და საზოგადოებაში მთლიანად. სამუშაო ჯგუფის წევრთა დიდმა ნაწილმა ის მიიჩნია დემოკრატიული პრინციპების საპირისპიროდ და ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის მრავალმხრივი ღია გავრცელებისთვის ხელის შემშლელად. ამიტომ ამ ნორმის შესახებ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება და პრეს-ბარათების შესახებ ნორმა ამოვიღეთ კანონპროექტიდან“- ამბობს აშიმჟანოვი.
ახლა დოკუმენტი სენატმა უნდა განიხილოს. თუ ის დამტკიცდა, მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
იურისტმა გულმირა ბირჟანოვა, რომელიც სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობდა, რადიო თავისუფლების ყაზახურ სამსახურს ადრე აცნობა, რომ კანონპროექტში არ შეიტანეს მნიშვნელოვანი, როგორიცაა ჟურნალისტების პროფესიული უსაფრთხოების, საკითხები.
„მასმედიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენა პარლამენტში შედგა შარშან ნოემბერში. მას მერე დეპუტატებმა წამოაყენეს წინადადებები შესწორებებით და სხვათა შორის, მოითხოვეს უცხოეთის მედიისა და ჟურნალისტებისთვის მუშაობის აკრძალვა, რომლებსაც არ აქვთ აკრედიტაცია.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (International Press Institute, IPI) გამოხატავს შეშფოთებას, რომ ბუნდოვანი ცნებები, როგორიცაა „ეროვნული უსაფრთხოება“ და აკრედიტაციის ახალი წესები მთლიანობაში, მოიტანს უცხოეთის კორესპონდენტებისთვის ყაზახეთში მუშაობის თვითნებურ აკრძალვებს და მათ სამართლებრივ დევნას მოვლენათა კრიტიკული გაშუქებისას.
აპრილის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ დეპუტატებმა წამოაყენეს წინადადება, მედიასაშუალების მუშაობის შეწყვეტის საფუძვლად მიჩნეულ იქნეს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა.“ მათვე მოითხოვეს დამატებითი შესწორებები, კერძოდ, „შუღლის გაღვივების“ შესახებ სისხლის სამართლის მუხლი გავრცობილი იქნეს სიტყვებით: „ სხვათა შორის, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის გზით,“ ხოლო კანონს მშვიდობიანი თავყრილობების აკრძალვის საფუძვლების შესახებ, დაემატოს სიტყვები: „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდა“.

ასევე დაგაინტერესებთ