ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს

ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მერაბ კოსტავას სკვერში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
“35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. გამორჩეული თარიღია საქართველოს ისტორიაში – ტრაგიკულიც და ამაღლებულიც. ამ დღემ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და სიმბოლური იყო, რომ სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. მათი გმირობის და თავგანწირვის მაგალითზე თაობები გაიზარდა საქართველოში, რომლებიც დღეს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას აშენებენ“,- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ განმარტა, ეს დღე ისტორიის საკუთრებაა და თითოეულ ჩვენგანს, თაობებს უნდა გვახსოვდეს.
,,35 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებიც არაფერს შეუშინდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს დღე უკვე ისტორიის საკუთრებაა და თითოეულ ჩვენგანს, თაობებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულება, რომლისთვისაც ქართველებს შეუძლიათ გაიღონ ყველაზე ძვირფასი-სიცოცხლე“,- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ