„ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ შეუძლია ეს კანონი ისევ უკან გაიწვიოს“ – სოსო ცინცაძე

„ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ შეუძლია ეს კანონი ისევ უკან გაიწვიოს“ – სოსო ცინცაძე
ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, უკვე მეორე წელია, ხელისუფლება „აგენტების კანონის“ მიღებას ლამობს და საზოგადოება დიდ წინააღმდეგობას უწევს. რამდენად გონივრული იყო „ქართული ოცნების“ მიერ შარშან უკან წაღებული, ჩაგდებული ამ კანონის ხელახლა წამოწევა? რატომ გააკეთა ეს ხელისუფლებამ?
– ეს ცალსახად ხელისუფლების შეცდომა იყო. კარგად იცის საზოგადოების განწყობა, შარშანდელი მწარე გამოცდილებაც ახსოვს, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული კანონი მესამე მოსმენით ჩააგდეს და ახლა იმავე გზით მიდიან. რატომ შემოიტანა ხელახლა ეს კანონი ხელისუფლებამ, მე კი არა, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 2/3 აზრზე არ არის. „ოცნების“ ცხელ თავებს თუ ჰგონიათ, რომ ამით პოზიციებს იმაგრებენ, უფრო სტაბილური გახდება მათი პოზიციები, ძალიან ცდებიან. ს ხელისუფლებიდან და რუსი პროპაგანდისტებიდან, ვისაც არ ეზარება, ამ კანონის ხელახლა შემოტანის გამო ყველა აქებს ჩვენს ხელისუფლებას. მაგალითად, ლავროვი, ვოლოდინი, პესკოვი მართლა არ არიან ისეთი სულელები, ვერ ხვდებოდნენ ერთ რამეს–მათ მიერ ამ კანონის გამო ჩვენი ხელისუფლების შექება, მისსავე პოზიციებს ასუსტებს ქართულ საზოგადოებაში. ამით ჩემთვის უკვე გამოიკვეთა რუსეთის მიზანი –საქართველოში არც ერთი ხელისუფლება არ უნდა იყოს სტაბილურად მყარი, ქვეყანაში არ უნდა იყოს სტაბილური სიტუაცია. ამ ქებით კიდევ, მათ იციან, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი „ოცნებას“ სურს ევროკავშირში შესვლა, ამაში ხელს შეუშლიან. რუსეთი თავისი ამ განცხადებებით ორ მიზანს აღწევს–ცეცხლზე ნავთს ასხამს და დაძაბულ სიტუაციას უარესად ძაბავს. მეორე კიდევ ის არის, რომ ევროპა რუსეთზე ნაკლები ყურადღებით არ აკვირდება ამ მოვლენებს და არ არის გარანტირებული, რომ ევროკავშირმა, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად შედეგისა, მიიღებს თუ არა ამ კანონს „ოცნება“, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა დაიწყოს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – არ ეკუთვნით, მაგრამ არ შეიძლება ჩვენ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში, რუსეთის პირისპირ დავტოვოთო. ახლა უკვე ევროკავშირი უფრო მკაცრი იქნება ჩვენს მიმართ და გაწევრიანების პროცედურას არ დაიწყებს. რუსეთსაც ეს უნდა–არასტაბილურობა საქართველოში, არასტაბილური და მუდმივად რყევებში მყოფი ხელისუფლება და ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხება, თუ მთლიანად შეჩერება არა. ხომ ვუყურებთ უკვე 33 წელია, ყველა ხელისუფლებას კისერზე აქვს ჩამოკიდებული ეს დემონსტრაციები, გამოსვლები, მასშტაბური პროტესტი, საზოგადოების მკვეთრი ურთიერთდაპირისპირება და დამხობის საფრთხე. ეს ნებისმიერ სახელმწიფოს ასუსტებს. ჩვენსავით მოწყვლად ქვეყანას კი არა, ამგვარი მოვლენები სტაბილურ ქვეყნებსაც საფრთხეებს უქმნის. აგერ, ამ ურთიერთდაპირისპირების გამო, ამერიკაში კონგრესი უმნიშვნელოვანესი კანონების მიღებას ვერ ახერხებს. ეს დაპირისპირება „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის მუდამ იყო, მაგრამ ამ მასშტაბისა არასოდეს. თუ ვინმე „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობს, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, რუსეთს ჩვენი გაძლიერება უნდა, მათ ვეტყოდი, რომ ეს გამორიცხულია. რუსეთი ცდილობს, ისინი გამოიყენოს, რომ საქარველოში იყოს ქრონიკული დაძაბულობა, მუდმივი პრობლემები და ეს უზრუნველყოფს რუსეთის გავლენის ზრდას ქვეყანაში „რბილი ძალის“ მეშვეობით. აღარ დასჭირდება ტანკები და ქალაქებში ბომბების ჩამოყრა. საამისოდ, ასევე, გამოიყენებს იმ 250 ათასზე მეტ რუსს, რომლებიც საქართველოში არიან. როგორ და რანაირად გამოიყენებს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თუ დასჭირდა, ამ ხალხს რუსეთის ინტერესების სამსახურში ჩააყენებს. მოკლედ, რაც უფრო მეტი დაპირისპირება და დაძაბულობაა ქვეყანაში, იქ უკვე საღი აზრის, ანალიზის ადგილი აღარ არის და შესაბამისად, ქვეყნისთვის საჭირო, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ჭირს. ეს უკვე ჟანრის კლასიკაა, ასეა ძველი რომიდან მოყოლებული.
– რას შეიძლება ამ ურთიერთდაპირისპირებისგან ველოდოთ?
– ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აღარ შეუძლია ეს კანონი ისევ უკან გაიწვიოს, ეს გამორიცხულია. არჩევნები ცხვირწინ არის და ეს თუ გააკეთა, არჩევნების წაგების შანსი გაეზრდებათ. კანონს მიიღებენ, მაგრამ ის თავის ბრჭყალებს გამოაჩენს მომავალი წლის დასაწყისიდან, როდესაც უკან იქნება მოტოვებული არჩევნებიც და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც დაიბლოკება. „ოცნება“ დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ ეს რუსული კანონი არ არისო. ხან ამერიკულიაო, ამბობენ, ხან ფრანგულიო. კაცო, როდის იყო, ამერიკული და ფრანგული კანონების მიღებას სადმე ლავროვი და პესკოვი მხარს უჭერდნენ? მერე ეს პესკოვი პუტინის პრეს–სპიკერია და გამოდის, რომ მისი პირით პუტინი გველაპარაკება, მისი განცხადება კრემლის, მთელი რუსეთის ხელისუფლების განცხადებაა. მხოლოდ სულელი თუ იფიქრებს იმას, რომ პუტინი და ლავროვი მხარს უჭერენ საქართველოში ამერიკული კანონის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს რუსული კანონია. მთავარია, როგორ გამოიყენებ კანონს და არა ის, შიგნით რა წერია. მომავალში ამ კანონში შევა ცვლილებები, მიიღებენ ახალ კანონებს და „ქართული ოცნება“ ყველანაირად შეეცდება, არასამთავრობო სექტრორი, მედია, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდება, უბრალოდ, დახუროს. შეეცდება, განსხვავებული აზრის დაფიქსირების საშუალება მოუსპოს საზოგადოების ყველა წევრს. რუსეთმა მიაღწია უკვე ამას. იქ ქუჩაში გამოდის მოქალაქე პლაკატით „მშვიდობა მინდა“ და მას იჭერენ, ჯარიმას ახდევინებენ. რუსეთში უკვე კლასიკური ტოალიტარიზმი დამყარდა. ჩვენც ამ გზით მივდივართ, თუ ჩვენმა ოპოზიციამ არ ივარგა, მთელი პროდასავლურად განწყობილი საზოგადოება არ შეკრა და წინააღმდეგობა არ გაუწია ხელისუფლებას. მერე, გინდა მიიღოს კანონი ხელისუფლებამ, აქ რეჟიმს ვერ დაამყარეს. ხალხის მუდმივ პროტესტს ვერ გაუძლებს და იძულებული გახდება, დათმობებზე წავიდეს. ექნება ეს „აგენტების კანონი“, მაგრამ ვერ იმუშავებს, მუდმივ რყევებს კი, ბოლოს, შესაძლოა, თავადვე გადაჰყვეს. აქ ერთი მომენტიც არის. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, ერთი და იგივე კანონები სხვა და სხვა რესპუბლიკებში სხვა და სხვაგვარად მუშაობდა, ნაციონალური თავისებურება განაპირობებდა ამას. რუსები და ზოგადად, აღმოსავლეთის სლავები მორჩილი ხალხია. იგივე ითქმის შუა აზიელებზეც. საბჭოთა კავშირში ეკონომიკურ დანაშაულს ებრძოდა ე.წ. ობეხეესი. იატაკქვეშა საქმოსნებს, მაშინდელ ბიზნესმენებს ებრძოდნენ, რადგან ბიზნესი აკრძალული იყო. საქართველოში ყვაოდა ეს იატაკქვეშა საქმიანობა, როდესაც რუსეთსა და ბევრ რესპუბლიკაში ჯერ საერთოდ არ არსებობდა. შუა აზიაში როცა ეძინათ, აქ, 1988 წელს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოსვლები და საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საბჭოთა კავშირის პერიოდში რეფერენდუმის გზით ხალხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. მოკლედ, იოლი დასამორჩილებელი ხალხი არ ვართ, სხვა მენტალობა გვაქვს, თავისუფლების ფასი ვიცით და რაც რუსეთში ხდება, არა მგონია, აქ მოხდეს. ჩვენი პოლიტიკური სხეული არ მიიღებს ამ უცხო სხეულს – რუსულ კანონს. ეს კანონი კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და უფრო დიდი ნაპრალი გაჩნდება ხალხსა და ხელისუფლებას შორის. რუსეთს თავი დავანებოთ, ამერიკაში არ მუშაობს „ფარა“, როგორც საჭიროა. 1938 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ სამჯერ მოახერხეს პროკურორებმა იმ ხალხის გამტყუნება, ვინც ეს კანონი დაარღვია.
– პოლიტიკური პარტიების იმედი ნაკლებად მაქვს, სტუდენტობა და ზოგადად, ახალგაზრდობა აქტიურობს ძალიან და იქითა მხრიდან, ხელისუფლება პოლიციას, სპეცრაზმს უპირისპირებს მათ. მე იმისი მეშინია, რაიმე უბედურება არ მოხდეს.
– თუ პოლიციამ თავის უფლებამოსილებას არ გადააჭარბა, წესით, არაფერი მოხდება, მაგრამ ფაქტია,ამ დღეებში ბევრჯერ გადააჭარბა უფლებამოსილებას. ეს პოლიცია ბოლომდე დაიცავს ხელისუფლებას. მე იმ ხალხისა მიკვირს, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი პოლიცია და სპეცრაზმები რომ არ მოსწონდათ და იმ პოლიციას ტაშს უკრავენ, მშვიდობიან მომიტინგეს, რომელიც თავისთვის დგას და თავს ესხმიან, სცემენ და მერე პოლიციაში მიათრევენ. სააკაშვილი რეჟიმი რომ ეყრდნობოდა, იმ პოლიციელებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა 80% ისევ იქ მუშაობს. ის ხალხი, ვინც გუშინ ამათ დაჭერას ითხოვდა სხვა და სხვა დანაშაულებებისთვის, დღეს მათ გმირებს ეძახის. აქ აშკრად აცდენაა. ეს ხალხი ვერ გარკვეულა პოლიციის ფუნქციაში. პოლიცია არც ერთი ხელისუფლების მსახური არ არის, ეს არც ერთ კანონში არ სწერია. კანონით პოლიციას მართლწესრიგისა და კანონის დაცვა, ხალხის დაცვა ევალება. ევროპულ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაციები, რომ დღევანდელი ქართული პოლიცია შორს არ არის სააკაშვილის რეჟიმის პოლიციისგან სისასტიკის თვალსაზრისით. არც ეს მიკვირს. მაშინ რასაც უბრძანებდნენ, იმას აკეთებდნენ და დღეს რასაც უბრძანებენ, იმას. 7 ნოემბერს და 26 მაისს ვიდრე წამომაყვედრიდეს ვინმე, მათ მინდა შევახსენო – ჯერ მთავარი პროცესები წინ არის, სტუდენტობა არ ჩერდება. სტუდენტობა ნებისმიერი ხელისუფლების გადაუჭრელი პრობლემა იყო, გაუჭრელი კოზირი და დღემდე ასეა. ღმერთმა დაგვიფაროს და დიდი შეტაკება თუ მოხდა პოლიციასა და სტუდენტობას შორის, მერე უკვე ყველა სხვაგვარად აჭიკჭიკდება.1989 წელს, პეკინში ტიანანმენის მოედანზე, სტუდენტებს ტანკებით გადაურა რეფორმატორმა დენ სიაოპინმა, დღემდე უცნობია, რამდენი სტუდენტი დაიღუპა. მაო ძედუნის მიერ ოთხჯერ იყო დენ სიაოპინი რეპრესირებული და აი, ხელისუფლებაში მოსულმა დისიდენტმა რეფორმატორმა რა გააკეთა. არადა, ეს სტუდენტები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ითხოვენ, მეტს არაფერს. თუმცა, ხელისუფლების დაკარვის საფრთხის წინაშე რომ დადგა, ამაზეც კი წავიდა. ფრთხილად უნდა იყოს ხელისუფლება, რომ ამ აქციების დროს ცუდი და გამოუსწორებელი არაფერი მოხდეს, თორემ პასუხისმგებლობა მას დაეკისრება და ამ პასუხს ადრე თუ გვიან, მოსთხოვს ხალხი კონკრეტულ პერსონებს. იმის ძახილი, რომ მეორე მხარეს თავგაცხელებული სტუდენტები დგანან და პოლიციამ რა ქნასო, არაფერს მოგვცემს. ოდითგანვე, მეორე მხარეს მდგომი სტუდენტები ეგრე თავგაცხელებულები იყვნენ და დღესაც ასეა. ბევრი ხელისუფლება შეუცვლიათ რეცვოლუციით თუ მშვიდობიანი გზით. ბოლოს და ბოლოს, ფრანგმა სტუდენტებმა პრეზიდენტი შარლს დე გოლი გადააყენეს და დე გოლის მეათედი დონის პოლიტიკოსი რომელია ჩვენს ხელისუფლებაში? ცხადია, არც ერთი.