“ქართულ ოცნებას” აქვს არა შერიგების, არამედ შეგუების პოლიტიკა – ვანო აბრამაშვილი

ევროინტეგრაციის შეჩერებას საქართველოსთვის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე აქვს გავლენა – ის პირდაპირ აისახება ქვეყნის კონფლიქტების დარეგულირებაზე, აფხაზებისა და ოსებისთვის თბილისის მიმზიდველობაზე, პროგნოზირებადობაზე და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე. ნეტგაზეთთან საუბარში, “კავკასიური სახლის” მშვიდობისა და ინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო აბრამაშვილი ხსნის, თუ რატომ ხდება “ქართული ოცნების” დღევანდელი კურსი „შეგუების“ პოლიტიკა და როგორ იზრდება უფსკრული ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის.
ევროპეიზაციის შეჩერება – რა ნიშნავს ეს კონფლიქტების ჭრილში
ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი აღარ აღიქმება მიზიდულობის ცენტრად აფხაზებისთვის ან ოსებისთვის, იმიტომ რომ მათ ამგვარი პოლიტიკური სისტემის მიზიდულობის ცენტრი დიდი ხანია აქვთ და აღარ დარჩება არანაირი განსხვავებულობა ჩვენს შორის, თუ აქ ბოლომდე ავტორიტარიზმი დამყარდება.
მეორე – ეს არის ის, რომ თუ ჩვენ აღარ ვივლით ევროინტეგრაციის გზით, საქართველო გახდება ნაკლებად პროგნოზირებადი. თუ ჩვენ ვიცით, რომ ევროპის წიაღში ყოფნა ნიშნავს პროგნოზირებადობას, თუ შენ აპრიორი იცი, რომ კონფლიქტები მოგვარდება მშვიდობიანად, ცივილურად, ნორმატიულ სფეროში, აქ მის მიღმა დარჩენილ ვითარებაში ასეთი გარანტია აღარ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ავტორიტარიზმი, ძალიან ხშირად უმეტეს შემთხვევაში, როგორ წარმოშობს ისევ ახალ აგრესიულ სამხედრო ნარატივებს, კერებს. რაღაც ეტაპზე ამ ავტორიტარიზმს მილიტარიზაცია აუცილებლად ჭირდება ძლიერების საჩვენებლად. ეს ელემენტი ძალიან თვალშისაცემი ხდება, რომ დღეს თუ არა, ხვალ შეიძლება ეს რეალობა დადგეს და რა თქმა უნდა, ეს აფხაზებისთვის არ დარჩება შეუმჩნეველი.
მესამე – ევროპისგან დაშორება ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები ნაკლებად არის დაცული, განსაკუთრებით უმცირესობების უფლებები – ეთნიკური უმცირესობების უფლებები. შესაბამისად, რა განსხვავება რჩება რუსეთთან ან სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან, სადაც არანაირი დაცულობა არ არსებობს უმცირესობების?
დღევანდელი პოლიტიკა – „შერიგების“ ნაცვლად „შეგუება“
რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკას – როგორია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივები? მე დღევანდელ პოლიტიკას დავარქმევდი არა “შერიგების”, არამედ “შეგუების” პოლიტიკას. ეს არის სტატუს-ქვოს მარადიულად შენარჩუნების პოლიტიკა. და ამ პერიოდში, აფხაზ და ქართველ საზოგადოებებს შორის კულტურული და სოციალური უფსკრული იმდენად იზრდება, რომ შეუძლებელია ისინი საერთო მომავალზე ფიქრობდნენ, იმდენად ერთმანეთის არც ყოველდღიურობას წარმოადგენენ, არც ინტელექტუალურ-კულტურული თუ სულიერი ყოველდღიურობას. ეს არის ორი ერთმანეთისგან გათიშული ხალხი, რომელიც ვერ იფიქრებს საერთო მომავალზე და თანაცხოვრების საერთო სივრცის შექმნაზე. შესაბამისად, ეს გაუცხოება არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემქმნელი გრძელვადიან პერსპექტივაში.
პროგრამა მინიმუმი – აუცილებელი ნაბიჯები
დღეს ჩვენი პროგრამა მინიმუმი უნდა იყოს დევნილებისთვის სათანადო ყურადღება – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური. გალი მოსახლეობისგან არ იცლებოდეს – რეგიონი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით მართლაც ხიდია ქართველებსა და აფხაზებს შორის. და მესამე – ენგურზე იყოს უფრო გამარტივებული გადაადგილების რეჟიმი, რომ შედარებით მაინც უზრუნველყოს ხალხის მისვლა-მოსვლა. სხვა შემთხვევაში, პროგრამა მინიმუმსაც ვერ უზრუნველყოფს თბილისი. ძალიან მცირე და მარტივად ხელმისაწვდომ საკითხებს რომ ვერ უზრუნველყოფს და არ აინტერესებს, მაშინ რომელ სუვერენიტეტზე და კონფლიქტის მოგვარების გრანდიოზულ სტრატეგიებზე შეიძლება საუბრობდეს „ქართული ოცნება“.
„შეგუების“ პოლიტიკა და მისგან გამომდინარე რეალობა
არსებულ პოლიტიკას შეიძლება დავარქვათ „შეგუების“ – ერთი მხრივ ოცნების და მეორე მხრივ ხალხის შეგუების პოლიტიკა, რომელიც ცდილობს ეს საკითხი გადააქციოს რაღაც უფერულ სფეროდ და მარტო როცა დაჭირდება პოლიტიკური ქულების მოპოვება მაშინ ილაპარაკოს ამაზე.
რეალურად ის, რაც ხდება, არ აკმაყოფილებს პროაქტიულ სამშვიდობო პოლიტიკის მინიმალურ კრიტერიუმებსაც კი, რასაც „ქართული ოცნება“ ახლა აკეთებს. ამიტომ ის, რაც არ არსებობს, ვერ შევაფასებთ. ეს არის მართლა ბედის ანაბარა დატოვებული რეგიონი, რომ ზედმეტი „თავის ტკივილი“ არ წამოვიდეს იქიდან და არ იყოს სთვის გამაღიზიანებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…