ქართული პრესის მიმოხილვა 05.02 .2024

მამუკა არეშიძე – “ტრამპი უკრაინის ომს ერთ თვეში ვერ დაამთავრებს და არც დაამთავრებს…”
ახალი პრემიერი ძველი გუნდით – ვინ როგორ გაიგო ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება
ირაკლი მელაშვილი – “ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს “ოცნების” გარეშეც დახოცავენ”
რას გამოიწვევს ზალუჟნის გადაყენება – უკრაინის ხელისუფლებაში დაწყებული კრიზისი უკვე ფრონტზეც აისახა
გაურკვეველი სიკვდილი – “ამბობენ, “ექსტაზიაო”, სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, რას მოიხმარენ…”
* * *
მამუკა არეშიძე – “ტრამპი უკრაინის ომს ერთ თვეში ვერ დაამთავრებს და არც დაამთავრებს…”
“ცხადია, ორბანი ორმაგ თამაშს თამაშობს. მე ძალიან კარგად ვიცი ორბანის გარემოცვის მოსკოვური ურთიერთობების ისტორია, ვის რა აქვს დამთავრებული და ვინ ვისი თანამერხელი იყო. ამიტომაც უნგრეთის დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია მოსკოვთან დამოკიდებულებაში, ასე ვთქვათ, დამყვავებლურია. ვითარება დაძაბულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს შორის და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ბრიუსელისა და ვარშავის დამოკიდებულებაში. გარდა ამისა, დასავლეთ ევროპის დასავლეთი ნაწილი ძალიან დაეჩვია უსაფრთხოების საკითხში -ის იმედად ყოფნას, ცხადია, დიდი ბრიტანეთის გარდა. შესაბამისად, მათ შემცირებული აქვთ სამხედრო ხარჯებიც და უსაფრთხოებაზე ზრუნვაც”, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპი უკრაინის ომს ერთ თვეში ვერ დაამთავრებს და არც დაამთავრებს…”
“ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს კოლექტიურ დასავლეთს აქვს, რაც უპირველესად განპირობებულია ს პოლიტიკით, შესაძლებელია, მაგალითად, მადრიდში რეაგირება არ ჰქონიათ, საფრანგეთშიც დაახლოებით მეტ-ნაკლებად ანალოგიური ვითარება იყო, გერმანია კი სწორედ რუსეთისგან იაფად მიღებული ენერგორესურსებით ევროპის პირველი ეკონომიკა გახდა, რის გამოც გერმანია მოსკოვზე დამოკიდებული აღმოჩნდა და როდესაც ეს იაფი რესურსი მოისპო, გერმანიას ძალიან გაუჭირდა ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადაწყობა, ეს კი საზოგადოებას დაეტყო. გერმანია დაეჩვია ეკონომიკურად მოსკოვის ხარჯზე ყოფნას. მოსკოვის პოლიტიკის ნაწილიც ეს არის, რომ დასავლეთ ევროპაში ამ ფორმით მაინც შეეღწია და გაეკონტროლებინა და არა იმიტომ, რომ კრემლში ვინმე გერმანიაზე გიჟდება _ ანუ ეს ყველაფერი რუსული რბილი ძალის ნაწილია, რაც რუსეთისთვის მართლა მომგებიანი აღმოჩნდა და პრობლემები შეუქმნა ევროპას”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“აღმოსავლეთ ევროპამ კი უფრო კარგად იცის, რასთან აქვს საქმე. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვთან ერთად ერთ ბლოკში იყვნენ და ამიტომ იციან, ვისთან აქვთ საქმე და ცდილობდნენ მობილიზებული ყოფილიყვნენ გამოწვევების შემთხვევაში. ცხადია, ეს უნგრეთს არ ეხება, დანარჩენებს ვგულისხმობ. პრინციპში, უნგრელმა საზოგადოებამაც იცის ყოველივე ეს, მაგრამ ურბანის ხელისუფლება სხვანაირად იქცევა. ასეა თუ ისე, ის მინდა ვთქვა, რომ ში რუსეთის ომმა გამოაჩინა ევროპის ყველა პრობლემა. ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც სანქციებზეა ლაპარაკი, ძალიან ხშირად ვაწყდებით ევროპული ქვეყნების ან მსხვილი ევროპული კორპორაციების თუ კერძო კომპანიების მიერ სანქციების დარღვევის ფაქტებს. მაგალითად, არ იცის ჰოლანდიის მთავრობამ ან როტერდამის პორტის ხელმძღვანელობამ, როგორ ხდება რუსული ნავთობის გადმოტვირთვა ღია ზღვაში სხვა ქვეყნის დროშით მცურავი ტანკერებიდან? შესაძლოა ეს ბოლო დღეებში არ ხდება, მაგრამ ზაფხულში ხომ იყო ამის ფაქტები?” – განაგრძობს რესპონდენტი.
“შეიძლება გავიხსენოთ ბევრი სხვა შემთხვევაც. ახლახან გამოაშკარავდა, რომ ლატვიამ და ლიეტუვამ ერთობლიობაში რუსეთთან 170 მილიონი ღირებულების ალკოჰოლიანი სასმელები ივაჭრეს ამ სანქციების დროს. შესაძლოა ეს არც ისეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ სანქციების დარღვევით ხდება? ყველაზე მძიმე კი ის არის, რაც ენერგორესურსებთან დაკავშირებით ხდება. არაერთხელ ითქვა, რომ ბარელ ნავთობში 60 აშშ დოლარზე მეტი არ უნდა გადაიხადონ, მაგრამ როდესაც სჭირდებათ, კულუარულად მაინც ყიდულობენ 70-80 დოლარად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ბულგარეთი რომ დღემდე ოფიციალურად ყიდულობს რუსეთისგან, რადგან ბრიუსელმა დაუშვა, თითქოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. მოკლედ, ასეა თუ ისე, სანქციების დარღვევამ მიიღო ინტენსიური სახე და ძალიან კარგად გამოაჩინა, რომ ევროპაში, სამწუხაროდ, არ არის ერთიანობა”, – ამტკიცებს ექსპერტი.
“ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამერიკაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ დიდმა ბრიტანეთმა ძალიან ბევრი დაკარგა არმიის რეორგანიზაციის და რეფორმირების გამო. სასაცილოა, რომ ბრიტანეთს, რომელიც თავის დროზე ნახევარი მსოფლიოს მფლობელი იყო, დღეს მხოლოდ 75-ათასკაციანი არმია ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, დაზვერვა მაინც ჰყავს და სპეცსამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ამ ორ ქვეყანაზე, სხვანაირად რომ ვთქვათ, ანგლოსაქსებზე. აშშ-ის ფინანსურმა და ეკონომიკურმა წრეებმა დაიწყეს რევერსული მოქმედება, ეკონომიკის გადაწყობა 60-70-იან წლების დროინდელ რელსებზე ანუ დაიწყეს თავის ქვეყანაში წარმოების დაბრუნება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დღეს აშშ ფორსირებულად ცდილობს დააჩოქოს ჯერ რუსეთი და მერე ჩინეთი. ამისთვის უკვე ბევრი რამ გაკეთდა და, თუ შტატებმა მოახერხა ამ ეკონომიკური პლატფორმის რეალიზაცია და ევროპელი ლიდერების დარწმუნება (და მგონია, მოახერხებს), რომ საჭიროა ბიუჯეტის გაზრდა უსაფრთხოების სისტემების, არმიის სრულყოფისათვის, მაშინ შენარჩუნებული იქნება ის სტრუქტურა, რასაც ევროკავშირი ჰქვია”, – დაასკვნის მამუკა არეშიძე.
“ტრამპი ამბობს ერთ რაღაცას, ომს დავამთავრებ ერთ თვეშიო, რაც, ჩემი აზრით, სიმართლე ვერ იქნება. ჯერ ერთი, ერთ თვეში ვერც ვერაფერს დაამთავრებს და მეორეც, არ დაამთავრებს. ეს მხოლოდ წინასაარჩევნო განცხადებებია. არც ტრამპზე და არც ბაიდენზე არ არის დამოკიდებული ბევრი რამ, რადგან აშშ-ის არსებობის ლოგიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ ის ფლობდეს მსოფლიოს ეკონომიკურ და ფინანსურ სადავეებს. ეს მიდგომა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დამდეგს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ ეს ტენდენცია გრძელდება და რადგან აშშ თვლის, რომ ამერიკა მუდმივად დომინანტური ქვეყანა უნდა იყოს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსული რესურსები. ამაში მხოლოდ ენერგეტიკული რესურსები არ იგულისხმება, ბევრი სხვა რამეც, მათ შორის, მტკნარი წყალი. ამიტომ არ მოეშვებიან რუსეთს, ვიდრე არ გაიხდიან უმცროს პარტნიორად, აშშ რუსეთს ჩინეთს არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს. ეს პოლიტიკა არ შეიცვლება და ყველა ლიდერი მოინდომებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამიტომ ტრამპი იქნება თუ ბაიდენი, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“რაც შეეხება უკრაინას, ნუ ვიტყვით, რომ დღეს რუსეთი წამგებიან სიტუაციაში არ არის, მიუხედავად იმ წინსვლისა, რაც ფრონტის ხაზზე აქვს. ჯერ ერთი, შესაძლოა წამგებიანში არ არის, მაგრამ არც მომგებიანშია, გამარჯვებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. უზარმაზარი დანაკარგი აქვს ორივე მხარეს და ზალუჟნის განცხადებისა არ იყოს, მართლაც ჩიხური სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული წარმოება გადაეწყო და სამხედრო წარმოება მუშაობს, ძალიან ბევრი რამეა მაინც დამოკიდებული დანარჩენ მსოფლიოზე. ხოლო რუსეთში შიდა უკმაყოფილების გამო გადატრიალებას არ ველი. სხვათა შორის, ისტორიას თუ გავიხსენებთ, რომ არა პირველი მსოფლიო ომი, ვერავითარი ბოლშევიკური პარტია და ვერავითარი უცხოური დახმარება სიტუაციას ვერ შეცვლიდა, რადგან რუსი ხალხის ფსიქოლოგია სხვანაირია. რუსეთი ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩავარდეს, რომ იძულებული გახდეს ჩაჯდეს დასავლური პოლიტიკის ნარატივში, როგორც 1990-იან წლებში”, – ამბობს ექსპერტი.
“კავკასიის სივრცეში ძალიან ბევრი მსხვილი მოთამაშე ოპერირებს, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. ეს არის კოლექტიური დასავლეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი და ახალი მოთამაშე – ჩინეთი. ამდენი მხარე რომ არის ჩართული ამ პატარა რეგიონში, წარმოიდგინეთ, როგორი ქაოსი იქმნება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიტუაციის კარგად აღქმითა და მოქნილი პოლიტიკით ამ ვითარებაშიც შეიძლება სტაბილურობის შენარჩუნება. საქართველოს დღევანდელი მთავრობის პლუსიც ეს არის – ამ ვითარებას ალღო აუღო და ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, შემდგომში რა მოხდება. უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი მსხვილი მოთამაშე ამ პროცესს არ დატოვებს ისე, რომ თვითონ მისი გავლენა არ ჩანდეს. აუცილებლად მოინდომებენ გააქტიურებას, როგორც არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, ამიტომ ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ. გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს, რომ მხარეებმა გვერდით გადადონ კონფლიქტური თემები და თანამშრომლობის ფორმატი შექმნან. საქართველო პატარა, 3.5-მილიონიანი ქვეყანაა და მთელი მსოფლიო თბილისის გარშემო ვერ იტრიალებს, რაც არ უნდა გვეგონოს ასე. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს ამ უზარმაზარ ინტერესს და ეს ინტერესი უნდა გავიაზროთ, გამოვიყენოთ და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ”, – განმარტავს მამუკა არეშიძე.
“რაც შეეხება ფაშინიანს, ის ძალიან კარგად ხვდება, თუ საქართველოს რა როლი აქვს რეგიონში. ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობს გადაიხაროს დასავლეთისკენ და მისი ბოლო განცხადებებიც, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა აღარ არის საჭირო, ამას მოწმობს. დასავლეთთან მისი გამტარებელი, მისი ფლაგმანი საქართველოა და ამიტომაც მისთვის ამ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერა აუცილებელი იყო. ფაშინიანის ქმედებებში სწორედ ეს ლოგიკაა _ დასავლეთისკენ საქართველოს გავლით… რაც შეეხება ნატოს განცხადებას, რომ სომხეთი სულ უფრო უახლოვდება ნატოს – დღეს ნატოში გაწევრების არავითარი შანსი არა აქვს არც საქართველოს, არც უკრაინას, არც მოლდოვას და მით უმეტეს, არც სომხეთს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი რეგიონისთვის ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. დიდ პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება განცხადებების გაკეთება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არა იმისთვის, რომ ამ ნაბიჯს ვიღაცის სადღაც გაწევრებისთვის კონკრეტული რეზულტატი ჰქონდეს, არამედ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის რეაქციას დაელოდონ და ეს რეაქცია შეფასდეს. ასე მგონია ამ შემთხვევაშიც _ შეხედავენ, რას იზამს მოსკოვი და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას”, – დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენა შემცირებულია?” – პასუხობს:
“კავკასიის დაკარგვა რუსეთისთვის კატასტროფის ტოლფასია. ის მარტივად წირავს შორეული აღმოსავლეთის უზარმაზარ ტერიტორიებს ჩინეთის სასარგებლოდ, მაგრამ კავკასიასთან დაკავშირებით ამას არასოდეს გააკეთებს. იმდენი რესურსი დახარჯული კავკასიის შეერთებასა და შავ ზღვაზე კონტროლის მოპოვებაში, გამორიცხულია დათმოს. თვითონ არაფრის დამთმობი არ არის და უნდა დაათმობინო, შეუცვალო პოლიტიკა… ყარაბაღის საკითხი ავიღოთ – მიუხედავად იმისა, რომ იქ სერიოზული პოლიტიკური მარცხი იწვნია, მაინც ცდილობს შეცვალოს მდგომარეობა. აფხაზეთიც არ დაგვავიწყდეს – მაინც გამონახა რესურსი იმისთვის, რომ აფხაზეთში მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. იგივე ხდება სამხრეთ ოსეთშიც, თუმცა, ცხადია, მასშტაბი სხვა არის. აზერბაიჯანთანაც უკვე დაიწყო ბრჭყალების გამოჩენა, მაგრამ ჯერ კულუარულად – ჩრდილოეთ აზერბაიჯანში მცხოვრები ლეკების მეშვეობით შექმნა პრობლემა. მოკლედ, ჩვენი რეგიონი ყოველთვის იქნება პოტენციური დაძაბულობის კერა და აქაურ პოლიტიკურ ელიტებზე დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებენ სიმშვიდის შენარჩუნებას. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში როდესაც ხარ პოლიტიკური ლიდერი, სიტუაცია კბილებით უნდა გეჭიროს – ეს აქსიომაა.
ახალი პრემიერი ძველი გუნდით – ვინ როგორ გაიგო ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება
“მომავალი მთავრობის შემადგენლობა ცნობილია – პრემიერობის კანდიდატმა მ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა და მასში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად, პარლამენტარი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერიც იქნება. რატომ არ შეცვალა კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და უნდა ველოდოთ თუ არა საკადრო ცვლილებებს მისი გაპრემიერებიდან რამდენიმე თვეში? აღსანიშნავია, რომ კობახიძის მიერ ახალი მთავრობის შემადგენლობის დასახელების წინ, ვრცელდებოდა არაოფიციალური ცნობები მოსალოდნელ ცვლილებებზე. თუმცა, აქედან მხოლოდ ერთი გამართლდა და ამ ერთის შემთხვევაშიც, როგორც კობახიძე აცხადებს, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავად თქვა უარი თავდაცვის მინისტრად დარჩენაზე. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა კობახიძეს მთავრობის თავისი შეხედულებით ფორმირების უფლება უბრალოდ არ მისცა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი პრემიერი ძველი გუნდით – ვინ როგორ გაიგო ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება.
“ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, მთავრობის თითქმის უცვლელად დატოვების მთავარი მიზანი იმის დემონსტრირება იყო, მათთან პრეტენზიები არ არსებობს. მომავალში კი საკადრო ცვლილებები მთავრობაში ეტაპობრივად მაინც მოხდება. მეორე ნაწილის აზრით კი, მთავრობის უცვლელად დატოვება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახალი პრემიერი არც ერთი მიმართულებით არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მთავრობის შემადგენლობის თითქმის უცვლელად დატოვება კობახიძის დამცირებას ნიშნავს, რადგანაც მმართველი პარტიის საპატიორ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მას თავის გუნდის მთავრობაში მოყვანის უფლება არ მისცა. ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. კი მიიჩნევს, რომ ახალ პრემიერ ირაკლი კობახიძეს მთავრობაში “მტრული” გარემო დახვდება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ს გუნდის მთავრობაში დატოვება ისეთი განცდის შექმნაზეა გათვლილი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არავის არსად არ გაუშვია. ანუ პრობლემა მასთან და მის მთავრობასთან არ ჰქონიათ. უბრალოდ პოლიტიკურმა სიტუაციამ ასე მოითხოვა და გადალაგება ამიტომ გახდა საჭირო. “ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ მთავრობის შემადგენლობის თითქმის უცვლელად დატოვება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კობახიძე პოლიტიკის შეცვლას არც ერთი მიმართულებით არ აპირებს. შესაბამისად, ანალიტიკოსის აზრით, კობახიძის ამ გადაწყვეტილების სხვაგვარად ინტერპრეტირება არადამაჯერებელია”, – დასძენს გამოცემა.
“მე მაინც მგონია, რომ ცვლილებები იქნება, მაგრამ ასე ერთბაშად არა. მთავრობის წევრთა არშეცვლა იმის დემონსტირებაა, რომ ღარიბაშვილთან პრეტენზია არ ჰქონდათ და უბრალოდ ეს კაცი დასჭირდათ პარტიის მეთაურად. მინისტრების შეცვლით კი გამოვიდოდა, რომ ოპოზიციის ბრალდებები ღარიბაშვილის და მის გუნდის მისამართით კორუფციასთან დაკავშირებით სიმართლეს შეესაბამებოდა. ამ აჟიოტაჟში მოერიდნენ. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილისთვის უფრო სანდო კადრია და ამიტომაც ანდობს არჩევნებს. ასევე მას „ოცნების“ ამომრჩეველში აქვს გარკვეული რეიტინგი. ის ძველი სახეა და მის რესურსებს ამ მხრივადაც გამოიყენებს. კობახიძის წარდგენით კი დროს იგებს და იმიჯის თვალსაზრისითაც ჩაეთვლება, რომ პრემიერი, რომელთანაც რაღაც კითხვები იყო, გადაიყვანა სხვაგან. თუმცა კობახიძეს მგონია სხვა პრემიერ-მინისტრის გუნდთან მუშაობა გაუჭირდება. იქ მას ხელგაშლილი არავინ დახვდება. ესეც კონტროლის ერთგვარი მექნიზმია – რომ არ ჩამოაყალიბოს თავისი გუნდი და ფესვები უფრო არ გაიდგას”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ბუნებრივია, რომ გუნდს, რომელიც ზედიზედ სამი წელია ხელისუფლებაშია, განახლება და როტაცია სჭირდება. არაპრფესიონალმა ადამიანებმა, რომელიც ძირითადად მჩხიბავობით არიან დაკავებული, მოიგონეს, რომ მინისტრები იცვლებოდა და სახლებსაც კი ასახელებდნენ. ეს არის ს დონის. ამიტომ, ცხადია, ამ პროფესინალური გუნდში როტაცია გასაკვირი არ უნდა იყოს. თავად ირაკლი ღარიბაშვილს სურდა, რომ ბოლო სამი წლის ნოუ-ჰაუ, რაც ხელისუფლებაში გვაჩვენა, პარტიაში გადმოეტანა. ნურავის ჰგონია, რომ რაღაცა იოლი თანამდებობაა და ღარიბაშვილი სადმე ჩამოაჩოჩეს. პარტია არის ამხელა მმართველი ძალა, რომელიც რეგიონებისგან, მუნიციპალიტეტებისგან და ა.შ შედგება. ამის მართვა, რომელიც გააძლიერა კობახიძემ და მისმა მოადგილეებმა, ნამდვილად რთულია. რაც შეეხება კობახიძეს და იმ გადაწყვეტილებას, რომ დარჩეს იგივე მინისტრთა კაბინეტი, ჩვენს პოლიტიკურ წრეებში ისევ საბჭოთა კავშირის შეხედულებები აქვთ და ჰგონია, რომ პრემიერი მეურვე, უფროსი უნდა იყოს. კობახიძე არის ლიდერი და მისი ახალი მუშაობის არეალი, ბუნებრივია, ახალი გამოწვევაა მისთვის. ის აუღელვებლად სიმშვიდით, ძველ გუბდთან ერთად შეუდგება იმ კურსის მართვას, რაც გვქონდა აქამდე. ეს გუნდის შეუცვლელობაც ზუსტად ამას ნიშნავს”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
ირაკლი მელაშვილი – “ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს “ოცნების” გარეშეც დახოცავენ”
“ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნებას რომ ცვლილებები მოჰყვებოდა, ყველასთვის ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანი ის იყო, რა ცვლილებები იქნებოდა.საქმე ის არის, რომ აქამდე “ოცნება” ძალიან უცნაურ მდგომარეობაში იყო – პარტიას ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა, მაგრამ არ იყო მთავრობის დამკომპლექტებელი, მხარს უჭერდა მთავრობას, მაგრამ საკადრო საკითხებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პრინციპში, ვერ წყვეტდა. არ ვიცი, ღარიბაშვილი “ქართუსთან” ან პირადად ივანიშვილთან შეთანხმებით ნიშნავდა თუ არა, მაგრამ კარგად ჩანდა, რომ კადრები ისე ინიშნებოდა, პარტია, ფაქტობრივად, არ მონაწილეობდა. ამიტომაც იყო უცნაური ვითარება – მთავრობა ღარიბაშვილის კადრებით იყო დაკომპლექტებული, პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას კობახიძე აკონტროლებდა. ახლა კი უცნაური გადანაცვლება გააკეთეს – იქ, სადაც ღარიბაშვილის კადრები იყო, კობახიძე დასვეს, ხოლო სადაც კობახიძის – ღარიბაშვილი. შეეცდება თუ არა ორივე საკუთარი კადრების გადაყვანასა და თავისი პოზიციის გამყარებას, ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცით, მისცემს თუ არა ამის საშუალებას ივანიშვილი”, – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს “ოცნების” გარეშეც დახოცავენ”.
“იყო ლაპარაკი, რომ კობახიძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკუთარი კადრების გადაყვანას აპირებდა, მაგრამ ასე არ მოხდა – ანუ მას არ მისცეს საშუალება, ფესვები გაედგა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისე, როგორც პარტიაში… ჩემი აზრით, ივანიშვილმა უფრო კობახიძის პოზიციები დაასუსტა. ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე მისი კადრია და მორჩილია, რასაც ვერ ვიტყვი კობახიძეზე. ის პოლიტიკურად საკმაოდ მოძლიერდა პარლამენტსა და პარტიაშიც და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, კობახიძე 6-თვიან პრემიერად გაუშვეს. რა იქნება არჩევნების შემდეგ, კაცმა არ იცის. პრემიერის კანდიდატურის დასახელება ერთპიროვნულად მხოლოდ ივანიშვილზეა და ეს პარტიის წესდებაში ფორმალურადაც ჩაიწერა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, ივანიშვილის გარეშე პრემიერი არ დასახელდებოდა. ახლა კი ეს უფლება ფორმალურადაც გაიფორმა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს ეშინოდა, არჩევნების შემდეგ პარტია არ დაეკარგა. წარადგენს თუ არა ისევ კობახიძეს ნოემბერში თუ დეკემბერში, კაცმა არ იცის, არა მგონია, ამ ეტაპზე ეს თავადაც იცოდეს. მოკლედ, კობახიძე მოაშორა იქიდან, სადაც ის კომფორტულად იყო, ყველა ბერკეტი ხელში ეჭირა, პარტიისაც და საპარლამენტო უმრავლესობისაც და იქ დასვეს პირი, რომელთანაც კობახიძეს დიდი სიყვარული არ აკავშირებს, სცენაზე ერთმანეთს რაც არ უნდა გადაეხვიონ”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ღარიბაშვილი პირველად რომ მოხსნეს, პირველი დარტყმა ვინც მიაყენა, სწორედ კობახიძე იყო – იმ დღესვე საჯაროდ განაცხადა, რომ პრობლემები იყო ღარიბაშვილის ოჯახის კორუფციული საქმიანობის თაობაზე. ახლა პარტიაში, ფაქტობრივად, ისეთი ბალანსი დამყარდა, რომ ყველა ლიდერი დასუსტდა, ყველას გამოცლილი აქვს ის ფუნდამენტი, რაზეც იდგა. ფაქტია, მათი დასუსტებით ივანიშვილის პოზიცია მყარდება, ის უფრო მეტ გარანტიას იღებს, რომ პარტიაში არ დაიწყება მისთვის არასასიამოვნო პროცესები. ივანიშვილი საბჭოთა სივრცის გამოცდილებას კარგად იცნობს, თავის დროზე პუტინიც მდიდარმა ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში და ახლა ნაწილი ციხეშია, ნაწილს ქვეყნიდან გაქცევამ მოუწია და ზოგი ცოცხალიც აღარ არის. თუნდაც უკრაინის მაგალითი ავიღოთ – ზელენსკის უკან კალამოისკი იდგა და დღეს ის ციხეშია. როდესაც სახელმწიფო სტრუქტურას მთლიანად აკონტროლებ და არ გინდა ვინმეს მადლიერი და ვინმეზე დამოკიდებული იყო, ეს საშუალებას გაძლევს ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლდე. თუ ძალოვანებსაც აკონტროლებ და პარტიასაც, ამის გაკეთება შეგიძლია. ეს გააკეთა პუტინმა, ზელენსკიმ და როგორც ჩანს, ივანიშვილმაც გადაიზღვია თავი”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ნაბიჯი იყო კობახიძის დასუსტება _ ივანიშვილმა თავი უფრო კობახიძისგან დაიზღვია, ვიდრე ღარიბაშვილისგან. ხოლო ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ სასურველი რეალობად ეჩვენებათ. “ქართული ოცნება” მინიმუმ 40-45%-ს აიღებს. ამაზე ნაკლები არც არასდროს აუღია. ალბათ, 20-25%-ს აიღებს “ნაცმოძრაობა” და ჯამში ეს ორი ძალა წაიღებს 70%-მდე. დანარჩენები, “დროა-გირჩი”, ხვიჩიას “გირჩი”, მელია-გვარამიას პარტია, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, გახარია, ნათელაშვილი, “მოქალაქეები”, ანა დოლიძის პარტია და ამას დავუმატოთ ის ფლანგი, რომელიც 3-4%-ს ყოველთვის იღებს, “პატრიოტთა ალიანსი” თუ “ალტ-ინფო”, “ხალხის ძალა” და ვიღებთ მოცემულობას, რომ 20-25%-ზე პრეტენზიას აცხადებს ათი პარტია და საშუალოდ 2.5% გამოდის თითოეულ მათგანზე. ახლა შევხედოთ მათ განცხადებებს – მათი უმეტესობა ამბობს იმას, რასაც “ნაცმოძრაობა”, ანუ მიშა პოლიტპატიმარია, თავისუფლება მიშას, რუსი ივანიშვილი, “ოცნებას” ევროინტეგრაცია არ უნდა. ეს არის ის, რაც ოპოზიციის ფლანგზე ყველას აერთიანებს. საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობენ. არც ერთი მათგანი არ მუშაობს იმაზე, რომ ხმები წაართვას “ოცნებას”. ყველა მათგანი, ასე ვთქვათ, ბალახობს მხოლოდ “ნაცმოძრაობის” ელექტორატზე თავისი ლოზუნგებიდან გამომდინარე”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ერთმანეთში ვერ დალაგდნენ, ყველამ ცალ-ცალკე პარტია შექმნა, მაგრამ ამით ამომრჩევლისთვის რამე იცვლება? ხმები, რასაც აქამდე იღებდნენ, იმისდა მიხედვით დაიყოფა, ვის მელია მოსწონს, ვის ხაბეიშვილი და ვის ზურა ჯაფარიძე. ისეთ ვითარებაში, როდესაც 10 პარტია იბრძვის 20-25%-ის გასაყოფად, დიდია ალბათობა, ბარიერი ერთმა გადალახოს და დანარჩენი ხმები დაიკარგოს. წინა არჩევნებიც, ახლანდელი გამოკითხვებიც გვიჩვენებს, რომ საშუალოდ 1-3%-ს იღებენ, ძირითადად, 2.5%-ს. 9 პარტიამ 2.5% რომ აიღოს, სადღაც 23%-მდეა, გამოდის, ერთი პარტიის მიერ ხმების დაგროვებაც კი სათუოა ბარიერის გადასალახავად. ამიტომ ასეთი დაქსაქსვის პირობებში “ოცნებას” ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს. მე არ მჯერა, რომ ამ პარტიების ელექტორატი მატულობს. უფრო მეტად­ იშლებიან, ტელევიზიებში ერთმანეთს ეჩხუბებიან, არადა, ყველას ერთი და იგივე ლექსიკა და მესიჯები აქვს და “ჩემი უფროსი შენსას სჯობიაზე” ჩხუბობენ. ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციის ელექტორატი იზრდება და “ოცნების” იკლებს, მით უმეტეს, ივანიშვილის მოსვლა მაკოორდინირებელი იქნება “ოცნების” მხარდამჭერებისთვის. აქამდე ვიღაცას კობახიძე არ მოსწონდა, ვიღაცას ღარიბაშვილი, მაგრამ ახლა სწორება ივანიშვილზე იქნება”, – დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.
“აინშტაინის ალბათობის თეორია გავიხსენოთ – რაღაც რაოდენობაში ალბათობით ერთხელ მაინც უნდა გაარტყა და ოპოზიცია ამ ალბათობითაც ვერ არტყამს სწორ მესიჯს. მთელი ამ წლების განმავლობაში ამბობდნენ, ეკონომიკური კრიზისიაო და ამ დროს ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა გვაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ევროპაში; კორუფციამ წაგვლეკაო და, აღმოჩნდა, რომ ყველაზე კრიტიკული ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ცენტრალური ოფისის შეფასებით, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს რეგიონში; აცხადებენ, ქვეყანაში დიქტატურააო და, არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი ამას არ ადასტურებს; თვეების განმავლობაში იძახეს, ევროკავშირის სტატუსს არ მოგვცემენო და, მოგვცეს. ხომ შეიძლება ერთი რამე მაინც გაარტყა, რომ მეორე წუთში არ აღმოჩნდეს, შენ ერთს ამბობ და მთელი მსოფლიო მეორეს, რომ ადამიანებმა დაგიჯერონ? არანაირი პოზიტიური მესიჯი არავისგან არ მოდის, თუ რას გააკეთებენ და რას შეცვლიან”, – ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “ლელო” ხომ ამბობს, რომ პენსიებს გაზრდიან, ეს არ არის პოზიტიური მესიჯი?” – პასუხობს:
“ლელო” ამბობს, რომ ყოველ წელს მშპ 9%-ით გაიზრდება და პენსიას ათას ლარამდე გაზრდიან ადმინისტრაციული რესურსის შემცირების ხარჯზე და ამისთვის 2 მილიარდი იქნება საჭიროო. 2026 წელს საჯარო სექტორში 300 ათასი დასაქმებული იქნება 2.5 მილიარდი სახელფასო ფონდით. ამას დაამატე სხვა ხარჯებიდან რაღაც თანხა, ჩავთვალოთ 3 მილიარდი, და 2 მილიარდით როგორ ამცირებ სახელფასო ფონდს? 70%-ს გარეთ ყრი თუ ხელფასებს უმცირებ 70%-ით? არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. მგონი, ოპოზიციის ლიდერებიდან გვარამია ერთადერთია, რომელიც ხვდება ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებების შექმნის აუცილებლობას და ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ, მგონი, ჯერ არაფერი გამოსდის”…
“რაც არ უნდა არასერიოზულად გვეჩვენოს “ოცნების” განცხადება, შესაძლოა მართლა შეუქმნას ოპოზიციამ “ოცნებას” შანსი, რომ 40-45%-იანი მხარდაჭერის პირობებში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა…. როდესაც ვთქვი, რომ ერთი პარტია თუ გადალახავს ბარიერს-მეთქი, უპირველესად გახარიას ვგულისხმობდი და ამიტომაც მოდის “ოცნების” მთავარი დარტყმა გახარიაზე, რომელიც დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც “ოცნებას” ართმევს ხმებს, დანარჩენები ერთმანეთს ართმევენ. ოპოზიციიდან ერთადერთი გვარამია მიხვდა, რომ სხვა ხმებზეა სამუშაო, მას განათლებაც აქვს და პოლიტიკური გამოცდილებაც, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ გამოუვა, თუნდაც მისი პოლიტიკური წარსულის გამო. წესით, “ლელოს” უნდა ემუშავა არანაცურ ელექტორატზე, მაგრამ ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ “ნაცებისგან” ვერ განასხვავებ. ამით თავად შეიზღუდეს სივრცე. დანარჩენები კი ძალიან სუსტები არიან და ამიტომაც რჩება ერთადერთი გახარია, საომარი “ოცნებას” მხოლოდ მასთან აქვს. დანარჩენი პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთს “ოცნების” გარეშეც დახოცავენ. თუ “ოცნებამ” მოახერხა და გახარიამ ვერ გადალახა ბარიერი, მაშინ “ოცნებას” ნამდვილად ექნება ხმების 2/3”, – დასძენს ირაკლი მელაშვილი.
რას გამოიწვევს ზალუჟნის გადაყენება – უკრაინის ხელისუფლებაში დაწყებული კრიზისი უკვე ფრონტზეც აისახა
“უკრაინის უმაღლეს სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშ არსებული დაძაბულობა და გაურკვევლობა ომის მსვლელობაზეც ახდენს გავლენას. ამის შესახებ დასავლური მედია უკვე ღიად წერს. არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ უკვე საქმის კურსში ჩააყენა ამერიკელი პარტნიორები, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ს გადაყენებას გეგმავს, რასაც ვაშინგტონიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ზალუჟნისა და პრეზიდენტ ს შორის კონფლიქტს როგორც წმინდა სამხედრო, ისე პოლიტიკური საფუძველი აქვს. ზალუჟნის შესაძლო გადაყენებაზე ცნობები უკვე ერთი კვირაა ვრცელდება. მედიაში გაჟონილი არაოფიციალური ინფორმაციით, 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ პირდაპირ მოსთხოვა ზალუჟნის საკუთარი ნებით გადადგომა, რაზეც უარი მიიღო. მიზეზად სახელდება უკრაინული არმიის წარუმატებელი კონტრშეტევა და ის, რომ ზელენსკის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ზალუჟნი კატეგორიულად ითხოვს დამატებით მობილიზაციას. ასევე ის გარემოება, რომ ზალუჟნი მოსახლეობაში პოპულარობით უკვე უსწრებს ზელენსკის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას გამოიწვევს ზალუჟნის გადაყენება – უკრაინის ხელისუფლებაში დაწყებული კრიზისი უკვე ფრონტზეც აისახა.
„ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს აცნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კი მხარი არ დაუჭირეს ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ არც გააპროტესტეს და აღიარეს ასეთი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის სუვერენულ არჩევანად. უკრაინის რადას დეპუტატმა, მ განაცხადა, რომ ვალერი ზალუჟნის გადადგომა და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. ამასთან, გამოცემა “ეკონომისტმა” დაწერა, რომ ზალუჟნის შემცვლელად სახმელეთო კარების სარდალი ალექსანდრ სირსკის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვს განიხილებიან. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, არც ერთი მათგანი არ თანხმდება ასეთ შეთავაზებას. ამასთან, “სიენენი” წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, მთავარსარდალთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო “ღრმა თავდაცვის რეჟიმშია”. ამავე წყაროს ცნობით, დაპირისპირების მიზეზი მობილიზაცისთან დაკავშრებით დეკემბერში დაწყებული უთანხმოებაა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა ზალუჟნის გადაყენებაზე ინფორმაცია ოფიციალურად უარყო, მაგრამ, “სიენენის” მტკიცებით, “ამ საკითხში გარკვეულმა წყარომ განაცხადა, რომ განცხადება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი”. ზალუჟნიზე სტატიას “ბლუმბერგიც” ავრცელებს და წერს, რომ იგი მთავრობას ჯარის სწორად დაკომპლექტებაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შარშანდელი კონტრშეტევის წარუმატებლობამ მხოლოდ გაზარდა დაძაბულობა ზალუჟნისა და ზელენსკის შორის. სტატიის მიხედვით, ზალუჟნი ფლობს ავტორიტეტს როგორც სამხედროებს შორის, ასევე მოსახლეობაში. ის თანასწორად ურთიერთობს თავის ქვეშევრდომებთან, არის დაკავებული თავისი საქმით და არა თავისი “საჯარო პროფილის” შექმნით. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ზალუჟნი უკრაინა-რუსეთის ომში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა როგორც უკრაინელების, ისე რუსების მხრიდან და მისი გადაყენება სერიოზული დარტყმა იქნება უკრაინისთვის”, – განაგრძობს გამოცემა.
“უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მთელი თავდაცვის სისტემა ზალუჟნიზეა აგებული. ის რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა უკრაინის სამხედრო კამპანიის პირველი და მეორე ფაზები წარმატებული, რითაც ზალუჟნიმ დიდი პოპულარობა და იმიჯი მოიპოვა. მან ჩამოაყალიბა ის სამხედრო სარდლობა, რომელიც დღეს აქტიურად იბრძვის, იგივე თუნდაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური სერგეი ნაევი, მათ შორის გენერალი ბუდანოვი და სხვები ზალუჟნის კადრებია. ზალუჟნიმ ეს ადამიანები ზუსტად და სწორად შეარჩია და დანიშნა, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იყო დიდი პრობლემები გენერალიტეტის და სამხედრო სარდლობის მხრივ. შეიძლება ითქვას, რომ ზალუჟნიმ უკრაინის თანამედროვე სამხედრო ხელოვნების სკოლა თავიდან ააწყო, რამაც ისეთი გავლენა მოუტანა, რომ მტრებიც კი პატივს სცემენ, მათ შორის რუსეთის შეიარაღებულ ძალებშიც. ამასთან, ბუნებრივია, ამან მას პოლიტიკური წონაც მოუტანა, რადგან დღეს გენერალ ზალუჟნის ხელის ხლება ალბათ ერთ-ერთი დიდი შეცდომა იქნება. როგორც ჩანს, ვიღაცეები ცდილობენ, რომ გახმაურებულ და დაანონსებულ კონტრშეტევაზე, რომელიც გასულ წელს ჩავარდა, ხელი მისკენ გაიშვირონ, თუმცა თავიდანვე განცხადებებშიც ჩანდა, რომ ზალუჟნი წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ სწრაფი კონტრშეტევის განხორციელება ძალიან რთული იყო”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ის ძალიან ფრთხილი იყო ამ განცხადებებში, ვიდრე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ზალუჟნის რამდენიმე ოპერატიულ-სტრატეგიული მიმართულება ჰქონდა გამოკვეთილი და მისთვის რომ დაეჯერებინათ, დღეს სიტუაცია სხვანაირად იქნებოდა. მას არ დაუჯერეს და ის მიიღეს, რა შედეგიც ახლა დგას. აქ პოლიტიკური მიზეზები არაფერ შუაშია. უკრაინა იმ დონეზე არაა, რომ სამხედროებზე პოლიტიკურ საკითხებს ჰქონდეს გავლენა. ამასთან, ზალუჟნის პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია, ისევე, როგორც მის გუნდს. თუ ზელენსკიმ ზალუჟნი გადააყენა, ეს ფრონტზე ძალიან უარყოფითად აისახება, რადგან ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება ჯარზე. სამხედრო ხელოვნებაში, გარდა ოპერატიულ-სტრატეგიული დაგეგმარებისა და განხორციელებისა, ფსიქოლოგიურ მხარესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ფსიქილოგიურ-მორალური მხარე საკმაოდ შერყეული იქნება, რამაც შეიძლება უარყოფით გავლენა იქონიოს ქვეყნის შიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების განვითარების პერსპეტივებზე”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
გაურკვეველი სიკვდილი – “ამბობენ, “ექსტაზიაო”, სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, რას მოიხმარენ”…
“შავ ბაზარზე ფენტანილი ან მისი შემცველობის გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერებების გამოჩენა ნარკოლოგების დიდი შეშფოთების მიზეზია. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მხოლოდ ამ ნივთიერებით აშშ-ში ერთ წელიწადში 120 ათასი კაცი დაიღუპა. სარისკოა სიტუაცია საქართველოშიც, არის ეჭვი, რომ მაგალითად, “ექსტაზად” გასაღებულ ნივთიერებაში არის მომაკვდინებელი ფენტანილის დოზებიც და ხშირ შემთხვევაში ეს “გართობა” მომხმარებლისთვის საბედისწერო ხდება. “ამ პრობლემის­ მართვას სისტემური და კომპლექსური მიდგომა სჭირდება – დავიწყოთ პრევენციით და მკურნალობა-რეაბილიტაციით დავამთავროთ, შუაში უნდა იყოს მოთხოვნისა და მიწოდების შემცირება, ჩანაცვლებითი პროგრამების სწორად მართვა. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეს საქმე არ გამოვა, თუ რაღაც სისტემა არ შევიმუშავეთ, ეს პრობლემა წაგვლეკავს”, _ ამბობს ექიმი-ნარკოლოგი, კლინიკა “ნეოგენის” დირექტორი დავით ვადაჭკორია”, – წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “გაურკვეველი სიკვდილი”.
“ბოლო ხანებში არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ინტრავენურ მომხმარებელთა რაოდენობას დაადგენდა, მაგრამ ეს რიცხვი 50 ათასის ფარგლებშია. რაც შეეხება ზედოზირებას, ობიექტური სტატისტიკა არა გვაქვს. წლებია ვამბობ, რომ გაცილებით რადიკალური ზომებია საჭირო. სახელმწიფო დონეზეა მისაღები ზომები – უნდა შეიქმნას სტრუქტურა, კომისია, რომელიც კომპლექსურად მიუდგება ამ პრობლემას. უნდა დავიწყოთ სკოლის ასაკში პრევენციიდან, გაგრძელებული ნარკოტიკების შემოდინების შემცირებით, ზიანის შემცირების ღონისძიებების ჩატარებით, რეაბილიტაცია-მკურნალობით და სხვა. ეს დიდ ფულსაც ითხოვს, მაგრამ რა გაეწყობა? ეს არა მარტო ჩვენი, მსოფლიოს პრობლემაა. აშშ-ში დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ 2022 წელს ქვეყანას ნარკოტიკების პრობლემასთან ბრძოლა ტრილიონ-ნახევარი დოლარი დაუჯდა. ყველაზე დიდი საშიშროება (რაც, საბედნიეროდ, ჯერ ჩვენამდე მასშტაბურად არ არის მოსული) არის სინთეტიკური ოპიოიდების მოხმარება, როგორიცაა ფენტანილი, რომელიც ევროპა-ამერიკასა და კანადაში უდიდეს პრობლემად იქცა. მისი შექმნა ძალიან იაფია, სულ რაღაც 20-30 კვმ ფართობი სჭირდება, სადაც შეიძლება სიტყვაზე, კილოგრამი ფენტანილის შექმნა ქიმიური ინგრედიენტების გამოყენებით. 1 კგ სუფთა ჰეროინის მისაღებად 2-3 სტადიონისხელა ტერიტორიაზე უნდა გქონდეს ყაყაჩო დათესილი. ფენტალინი 50-ჯერ ძლიერია, ვიდრე ჰეროინი, და წარმოიდგინეთ, რა დიდი შანსია, რომ მან თანდათან ჩაანაცვლოს ჰეროინი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ვადაჭკორია.
“გაცილებით მძიმეა ფენტანილით ზედოზირება და გაცილებით მაღალია გარდაცვალების რისკი. დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოწვევა ფენტანილია. ჩვენთან ოპიოიდური კრიზისის გარდა, უდიდესი პრობლემაა მეტამფეტამინური კრიზისიც, ჰიბრიდული მარიხუანის მოხმარება, რაც ხშირად ერთ-ერთი მიზეზია ახალგაზრდებში ბოლო პერიოდში გახშირებული სუიციდის. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც უმაღლეს დონეზე უნდა იყოს განხილული და ადეკვატური ზომები მიღებული. ინტერნეტმა ხომ საერთოდ გაართულა წყაროს პოვნა. ზედოზირების რისკი ძალიან მაღალია, გაცილებით რთულია ზედოზირების მოხსნაც. ფენტანილი პირდაპირ თრგუნავს სუნთქვის ცენტრს, გულსისხლძარღვთა სისტემის რეგულაციის ცენტრს და მყისიერი ზომები თუ არ იქნა მიღებული, ძალიან სწრაფად დგება ლეტალური გამოსავალი – აშშ-ში ერთ წელიწადში 120 ათასი კაცი გარდაიცვალა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“კლუბურ ნარკოტიკებს რაც შეეხება, ამბობენ, “ექსტაზიაო”, სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, რას მოიხმარენ. ხშირად საქმე გვაქვს ისეთ მომხმარებლებთან, რომელთაც დამოკიდებულება არ აქვთ ჩამოყალიბებული და მცირე დოზამაც შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს. კლუბში ნარკოტიკულ საშუალებას ხშირად ალკოჰოლიან სასმელთან ერთად იღებენ და მით უმეტეს, როცა ორგანიზმი ტოლერანტულია, მძიმე გართულებების რისკი გაცილებით მაღალია. არის რისკი, რომ ზოგ ნარკოსაშუალებებში ფენტანილიც იყოს გარეული. 5-6 წლის წინ იყო შემთხვევა, როცა კლუბში ერთ დღეს რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა. მაშინ გამოვთქვი ეჭვი, შესაძლოა ფენტანილი იყო-მეთქი და დადასტურდა კიდეც. უფროსკლასელებში მაღალია მარიხუანის მოხმარება. არადა, ხშირად ამით იწყება უფრო მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლა. კარგია, რომ ლიბერალიზაცია მოხდა, მომხმარებელი ნარკომოხმარებისთვის არ უნდა დაიჭირო, თუმცა ამან ბევრს ისეთი ასოციაცია გაუჩინა, ე.ი. არ ყოფილა ასეთი საშინელებაო. თუმცა ბევრი აცნობიერებს ზიანს, ითხოვს დახმარებას მარიხუანისგან თავის დაღწევისთვის. უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზეა საჭირო ამ პრობლემებზე მუშაობა”, – დაასკვნის კლინიკა “ნეოგენის” დირექტორი.
“დავიწყოთ პრევენციით და მკურნალობა-რეაბილიტაციით დავამთავროთ, შუაში უნდა იყოს მოთხოვნისა და მიწოდების შემცირება, ჩანაცვლებითი პროგრამების სწორად მართვა. თუ სისტემა არ შევიმუშავეთ, ეს პრობლემა წაგვლეკავს”, – მიიჩნევს დავით ვადაჭკორია. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი გზის” აღმასრულებელი დირექტორის დალი უშარიძის განმარტებით, ნარკომომხმარებელთა ზედოზირების მონაცემების შეგროვებისას ეყრდნობიან სიტყვიერ ინფორმაციას მათგან, ვინც შეესწრო ან ვისაც ზედოზირება დაემართა. თვეში საშუალოდ 15-20 ზედოზირების შემთხვევაა. ზედოზირებით სიკვდილის გამომწვევი, ძირითადად, ოპიოიდებია, დანარჩენი სტიმულატორები სხვა ტიპის გართულებებს იწვევს. მაგალითად, ფენტანილი არის მაღალრისკიანი ნივთიერება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენთან ყველაზე გავრცელებულია ე.წ. სირეცი, რომელიც ფონიჭალიდან ვრცელდება და გაუგებარი დანამატები აქვს. ერთხანს მომხმარებლებში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ის სტრიქნინითა და სხვა ნივთიერებებითაა გაჯერებული და ეს იწვევს გართულებებს, რაც შესაძლოა სიკვდილით დამთავრდეს. გავრცელებულია ასევე ნაბახუსევზე ნარკოტიკის მოხმარება ან ალკოჰოლიანი სასმლის დამატება ნივთიერებაზე, რაც ასევე ზრდის სიკვდილის რისკს. გარდა ამისა, ჩანაცვლების თერაპიის პროგრამებიდან გამოტანილი მეტადონის შემდეგ, სუბოქსონის, ან ბუპრენორფინის მოხმარებაც იწვევს ფატალურ შედეგს. ამას ნალოქსონი არ შველის, ასეთ დროს მისი მოხმარება უარესია. ახალ ფსიქოტროპულებად წოდებულ ნივთიერებებს რაც შეეხება (რაც ინტერნეტით ვრცელდება), მას მომხმარებელს სთავაზობენ როგორც მეტადონს, მაგრამ აღმოჩნდება რაღაც სულ სხვა ნივთიერება, რომელსაც მომხმარებელი თავად ვერ ცნობს, არავინ იცის, რა შემადგენლობისაა, რადგან არ არის საშუალება ის ლაბორატორიულად შეამოწმო, თან ყველა დოზას ხომ ვერ შეამოწმებ? ისინი განსხვავდებიან ფერით, სუნით, ფორმით. ამ ყველაფერს ხშირად ამფეტამინს უწოდებენ, თუმცა მისგან ძალზე განსხვავებულია. ეს ნივთიერებები იწვევს შეუქცევად ფსიქიკურ აშლილობას, რაც მკურნალობას არ ექვემდებარება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დალი უშარიძე.
“ასეთი პირები ხშირად აგრესიულები ხდებიან და ოჯახის წევრებზე ძალადობენ, აქვთ ჰალუცინაციები – იყო შემთხვევა, როცა მამაკაცი ცოლ-შვილს თოფით დასდევდა, ეშმაკები არიანო, მეზობელი ჩაერია და კონდახი მას მოხვდა. მეორე შემთხვევაში ბიჭი დედას ნაჯახით გამოეკიდა. ერთი ბენეფიციარი ჰყვებოდა, რომ დავდივარ, სულ უკან ვიყურები, მგონია, ვიღაც მომდევსო. აი, ასეთი მძიმე ფორმებით მჟღავნდება ეს ფსიქიკური აშლილობები. პრობლემაა ისიც, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ოჯახის წევრი რეკავს 112-ში, მოდის სასწრაფო და პოლიციაც, მაგრამ პაციენტი ვერსად გადაჰყავთ, მას არც ერთი კლინიკა არ იღებს – ფსიქიატრიული ამბობს, ჯერ ნარკომანიაზე იმკურნალოსო, ნარკოლოგიური იმიტომ არ იღებს, ჯერ ფსიქიკურ აშლილობას მიეხედოსო. დიდი პრობლემაა შესაბამისი დახმარების აღმოჩენაც, ვინაიდან ექიმებისთვის უცნობია ნივთიერება, რამაც ინტოქსიკაცია გამოიწვია. რომ იცოდნენ, რა ნივთიერებით არის გამოწვეული პრობლემა, ალბათ, ადვილად დაუნიშნავდნენ მკურნალობას, ნალოქსონი კი მხოლოდ მაშინაა ეფექტური, თუ ზედოზირება ოპიოიდებითაა გამოწვეული”, – განმარტავს რესპონდენტი.
“საკლუბო ნარკოტიკებიდან ახლა გამოჩნდა კეტამინი. კლუბებში, როგორც წესი, ნივთიერებებს ინიექციურად არ მოიხმარენ, უფრო ტაბლეტებისა და ფხვნილის სახით იღებენ. მომხმარებელი ენდობა გამყიდველს და მას იღებს როგორც “ექსტაზს”. სახიფათოა ნივთიერების ალკოჰოლიან სასმელთან კომბინაციებიც, ახალგაზრდები ბევრს მოძრაობენ და იწყება დეჰიდრატაცია (გაუწყლოება), ხდება მზის დაკვრის მსგავსი რამ. ბევრი ფაქტორია კომპლექსში, რაც საბედისწეროა. როგორც კლუბების მესვეურები ამბობენ, ნარკოტიკი კლუბში არ იყიდება, ვინც შედის, ნაყიდით შედის. იქ, იმ სიბნელეში ვერ გააკონტროლებ, ვინ როდის და რას მოიხმარს, საიდან იღებენ… როგორც ერთმა ნარკოლოგმა მითხრა, კლუბში ნარკოტიკის მოხმარება სუბკულტურის ნაწილია, აი, ასეთი მიდგომაცაა”, – ამტკიცებს ორგანიზაცია “ახალი გზის” აღმასრულებელი დირექტორი.
“ჩვენ აქტიურ მომხმარებლებთან ვმუშაობთ პრინციპებით: მოხდეს სისხლითა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პროფილაქტიკა, ვუხსნით, არ გამოიყენონ სხვისი ნახმარი საინიექციო საშუალებები; მეორე პრინციპია არაინიექციურ მოხმარებაზე გადასვლა და მათ ვეხმარებით (მათ შორის – ფინანსურადაც), რათა ჩაერთონ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში. ეს რისკებს ამცირებს – ისინი არ არიან ჩართული ქუჩის ვაჭრობაში, ექიმის დანიშნულ დოზას იღებენ. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მოხმარების შეწყვეტა: პირმა უნდა ჩაიტაროს სახელმწიფოს დაფინანსებული დეტოქსის კურსი და ამის შემდეგ საერთოდ შეიკავოს თავი ნარკოტიკის მიღებისგან. დეკემბერში გვქონდა შემთხვევა – პირი, რომელიც ბუპრენორფინის ჩანაცვლებით პროგრამაში იყო, მივიდა დასკვნამდე, რომ თავი დაენებებინა, დაიღალა ყოველდღე იქ სიარულით, დამამცირებელი მდგომარეობით”, – ამბობს დალი უშარიძე.
“ამას ხელი შეუწყო “კოვიდის” პერიოდმაც, როცა ფეხით უწევდა სიარული მოსკოვის პროსპექტიდან ქავთარაძემდე და უკან. ამ გარემოებებს დაემატა ასაკიც, აღარ შემფერისო, გამოაცხადა და გაუჩნდა ძლიერი მოტივაცია. ბენეფიციარი დეტოქსისთვის წავიდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც 6 თვის შემდეგ ჩართეს პროგრამაში. ამ 6 თვეში დოზას თანდათან დაუკლო და მიყვებოდა, იქ რომ ვიყავი, “ლომკა” საერთოდ არ მიგრძნიაო. როგორც დაუგეგმა ექიმმა, ის ზუსტად მიჰყვა, დააგდო დოზა და დეტოქსი ძალიან შედეგიანად მიიღო. არის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტიც, როცა დაასრულეს დეტოქსის ორკვირიანი პროგრამა, ბენეფიციარმა წინმსწრებად მიიღო ზომები _ ამპულა ჩაიკერა, რის შემდეგაც 3 თვის განმავლობაში ვერ მიიღებდა ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზასაც კი, ვერც ნარკოტიკს – ანუ ძალიან ეფექტურია მოტივაციას პლუს პრევენციის საშუალება, რემისია დიდხანს გრძელდება. ამ დროს საჭიროა ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და მკურნალობის მთელი სპექტრი”, – დასძენს უშარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …