მომდევნო წელს დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდ 455 მილიონი ლარი იქნება. ამ თანხიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით 700 მლნ ლარი დაიხარჯება, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით კი 535 მილიონი.
თბილისის საკრებულოს სრული შემადგენლობა 50 დეპუტატია, მათგან 2021 წლის არჩევნებით 28 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, 22 კი ოპოზიციურმა პარტიებმა. დღევანდელი მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 27 დეპუტატი ჰყავს, ერთი მათგანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტის დეპუტატი გახდა. ბიუჯეტის პროექტი 27 ხმით დამტკიცდა.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები. ეს პარტიები მიზეზს ასე ხსნიან:
· „კოალიცია ცვლილებისთვის“: „ახლა, როცა არჩევნების გაყალბება, საარჩევნო მანიპულაციები, ხმის ფარულობის დარღვევა, მოქალაქეთა დაშინება და ხელისუფლების მხრიდან სხვა უხეში ჩარევა არჩევნებში უკვე დადასტურდა ეუთო-ოდირის დასკვნითაც, მაგრამ ამ ფონზე ის კვლავ განაგრძობს მისთვის ჩვეულ რიტორიკას გამოვრიცხავთ მასთან ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას და მასთან ყალბ დისკუსიაში შესვლა იქნება ყოველდღიურად ბრძოლაში მყოფი, გულანთებული, პატრიოტი თბილისელების ღალატი“.
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“: „ეს ადამიანი [თბილისის მერი კახა კალაძე] არის ზონდერ ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომლებიც ყოველდღიურად სცემენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან მომიტინგეებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მილიონი პრობლემა, საცობით, პარკირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწყებული პრობლემა, წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში“.
· „ძლიერი საქართველო“: „არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახა კლაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე“.
· „გახარია საქართველოსთვის“: „ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებიდან, ვართ ბოიკოტის რეჟიმში. სამწუხაროდ, მას მერე „ოცნების“ მავნებლურმა ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს კრიზისსა და არაკონსტიტუციურ პროცესში შეიყვანეს – სისტემური კორუფციით, არჩევნების მოპარვით, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობით ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ჩვენს ქვეყანაში“.
თბილისის საკრებულო თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირის დასაწყისში მდებარეობს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კი უკვე 27-ე დღეა ათასობით ადამიანი ითხოვს ხელახალ არჩევნებს. ხალხმრავალი პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ იქნება ინიციატორი ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის.
28 ნოემბრის შემდეგ პროევროპულ აქციებზე დააკავეს 500-მდე ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიცია აქციებზე ძალადობდა მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე. მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.
ფორუმი