“ქართული ოცნება” აშშ-ის საელჩოს მიმართავს, მოეხსნათ მოსამართლეებს სანქციები

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართავს, რომ მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ოფისში ისაუბრა.
„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არათუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს.
ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც “ენჯეო” სექტორის რიგით წარმომადგენლები და “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მან, ასევე ისაუბრა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე, რომელმაც ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ს საქმე განიხილა. მდინარაძის განცხადებით, იმ ცნობილ ფაქტთან ერთად, როდესაც სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირეს, “პრაქტიკულად სანქცია დაედო” ლაშა ჩხიკვაძეს. მისივე სიტყვებით, ჩხიკვაძეს სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და როგორც მოსამართლეს არ ეძლევა საშუალება, მიიღოს სხვადასხვა დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.
“ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში, თუ მოთხოვნაში, რომ მოხსნათ მათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა [-მა], რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს საქართველოში ამ ფაქტით მანიპულირების უფლება”, – თქვა მდინარაძემ.
2023 წლის 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება დაესანქცირებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ