ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი წერს, რომ ჩეხეთის მთავრობა დაეთანხმა მის წინადადებას, ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნის შესახებ.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ადამიანის უფლებების დარღვევის, საპროტესტო აქციების დარბევისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შესუსტების საპასუხოდ. ეს ნიშნავს, რომ ქართველ ოფიციალურ პირებს აღარ ექნებათ უვიზო მიმოსვლა“, – დაწერა ლიპავსკიმ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
კერძოდ, ევროკავშირმა შეაჩერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ 2011 წლის შეთანხმების ნაწილი. შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ — და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ — ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ინდივიდუალურად უნდა დაეწესებინათ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის.
ევროკავშირის გადაწყვეტილება უკვე აღასრულა ათზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა, მთავრობის წევრები ვიზებს იღებენ.
„ეს შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით. თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს, ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა აქ არ არის. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მათი უფლებაა“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ევროპულ ქვეყანაში წასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება.
თუმცა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ იტალიაში უვიზოდ, „ჩვეულებრივი პასპორტით“ ჩავიდა.




