ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 581-ე ადგილზეა

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს მას შემდეგ იკავებს, რაც მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა.
ამავე სიაში ქართული ოცნების დამფუძნებელი 624-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდია.
ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.
2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდა [IPO] და ის 6.5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. კომპანიის აქციების საწყისი ფასი 33.7 დოლარი იყო, თუმცა ამჟამად ერთი აქციის ღირებულება $120-ია, ხოლო მისი ბაზრის მოცულობა $23.3 მილიარდს აღემატება.
Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან “ხალხის მადლიერების” საპატიო მედალი მიიღო.
მიხეილ ლომთაძე ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში [ESM] მიიღო, შემდეგ კი სწავლა -ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა.