“ფროზინონემ” შეიძლება კვერნაძე იჯარით გაუშვას

Tuttofrosinone იტყობინება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი გუნდის გადახალისებას გეგმავს და შესაძლოა, გიორგი კვერნაძე სხვა გუნდში გაუშვან, რომელმაც ჩემპიონატზე და თასზე 4 მატჩში საერთო ჯამში 122 წუთი ითამაშა.
roma.metropolitanmagazine-ს ცნობით, „ფროზინონე“ საჭირო ფეხბურთელების დასამატებლად იმათ დაემშვიდობება, რომელთაც ნაკლებად იყენებს. კერძოდ, ურუგვაელ თავდამსხმელ ხაიმე ბაესს კონტრაქტი ივნისამდე აქვს გაფორმებული, ჯერ არ გაუგრძელეს და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, იანვარში გაყიდიან. კარლო ლულიჩს, მეჰდი ბურაბიას და სოფიან ბიდაუის, სავარაუდოდ, ტრანსფერზე დააყენებენ. რაც შეეხება კვერნაძეს, ქართველზე მომავალში იმედებს ამყარებენ და
შეეცდებიან იჯარით სერია B-ს რომელიმე გუნდში გაუშვან.