ფონ დერ ლაიენი: ევროკომისია გამოვა ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციით

ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 12 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირის ეს აღმასრულებელი შტო გამოვა რეკომენდაციით წევრმა ქვეყნებმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაიწყონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება.
“ცხადია, ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად მეტი პროგრესია საჭირო” – თქვა ფონ დერ ლაიენმა ევროპის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. “მაგრამ ეს ქვეყანა აჩვენებს, რომ შეუძლია დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმი და მისი მოქალაქეების მისწრაფება გახდნენ ჩვენი ოჯახის ნაწილი. ამიტომ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას რომ საბჭოს მივმართოთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციით” – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
კომისიის რეკომენდაცია და პროგრესის შესახებ გასული წლის დეკემბერში შეკვეთილი ანგარიში იქნება საფუძველი 21-22 მარტს დანიშნულ სამიტზე იმ გადაწყვეტილების მისაღებად, დაიწყოს თუ არა ბოსნიასთან გაწევრიანების მოლაპარაკება.
ბოსნიას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა 2022 წლის დეკემბერში, ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა მზაობა გამოხატეს სარაევოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად – როცა დასავლეთ ბალკანეთის ეს სახელმწიფო ყველა პირობას შეასრულებს. მათ, ამავრდროულად, კომისიას სთხოვეს შეედგინა პროგრესის შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც მარტში ამ საკითხის განხილვა მოხდება. ანგარიში 12 მარტს, მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ბოსნია ერთ-ერთია ევროკავშირის წევრობის ცხრა კანდიდატ ქვეყანას შორის – საქართველოსთან, სთან, ალბანეთთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სერბეთთან, თურქეთთან ერთად.