ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეზე საუბრობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ბაქო ს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს წამოიწყებს.
მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „მიწაზე“ და რუკაზე საბჭოთა პერიოდის საზღვრის გავლებას და იქიდან ჯარების გაყვანას სთავაზობს. თუმცა, მისი სიტყვებით, ბაქოს არაკონსტრუქციული პოზიცია აქვს, დროდადრო წამოსწევს საბჭოთა სომხეთის შემადგენლობაში არსებული ოთხი ანკლავის საკითხს, ამავდროულად უარს ამბობს აღიაროს, რომ ამჟამად აზერბაიჯანული ოკუპაციის ქვეშაა 30-ზე მეტი სომხური სოფელი.
მისი სიტყვებით, სომხეთი მზადაა საზღვრის სრული ან ნაწილ-ნაწილ, ნაკვეთებად დელიმიტაციის პროცესის დასაწყებად.
„მაგრამ, როგორც ჩანს აზერბაიჯანი გაურბის ამ ვარიანტს, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ამას ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე, სომხეთის წინაღმდეგ სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის პერსპექტივით“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისი სიტყვებით, ბაქო განაგრძობს პოლიტიკას, რომელიც ასე დაახასიათა „მომეცით ის რაც მსურს, თორე ომის გზით წავიღებ“.
13 თებერვალს აზერბაიჯანის „შურისძიების ოპერაციას“ სომხეთის ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა – მას შემდეგ, რაც წინა საღამოს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხური პოზიციებიდან სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ეს 2024 წელს ორ ქვეყანას შორის მომხდარი პირველი სისხლიანი ეპიზოდია, რომელიც დროში გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განვითარდა.
სასაზღვრო მიდამოებში შეიარაღებული ინციდენტები ორ ქვეყანას, რომლებსაც ჯერაც არ აქვს სახელმწიფო საზღვრები დელიმიტირებული, წარსულში ხშირად ჰქონია, თუმცა 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის საბოლოოდ დაკავების შემდეგ, – რასაც ასობით სიკვდილი და ათიათასობით ეთნიკურად სომეხი მოსახლის მიერ ტერიტორიის იძულებით დატოვება მოჰყვა, – ეს პირველი შეიარაღებული ინციდენტი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი