“ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად საჭირო კომპეტენცია დეფიციტური განსაკუთრებით საშუალო ბიზნესშია” – ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, მცირე და საშუალო ბიზნესებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარებათ. მისივე თქმით, კერძო სექტორში ფასიანი ქაღალდების გამოსაშვებად საჭირო კომპეტენცია დაბალია.
“ახალი პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო “აწარმოე საქართველოში” იქნება. საუბარია ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობაზე და ითვალისწინებს, როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე, ძალიან მნიშვნელოვან ტექნიკურ კომპონენტს და ფინანსურ განათლებას, რომელიც აუცილებელია ყველასთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
ფასიანი ქაღალდების გამოშვება საკმაოდ შრომატევადი, ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია. შესაბამისად, ის კომპეტენცია, რომელიც საჭიროა, რომ კომპანიამ ფასიანი ქაღალდები წარმატებით გამოუშვას, განსაკუთრებით საშუალო ბიზნესში, დეფიციტურია. ჩვენ ხელს შევუწყობთ კომპანიებს, ჰქონდეთ მეტი ფინანსური ცოდნა იმის შესახებ, თუ დაფინანსების რა ალტერნატიული შესაძლებლობები არსებობს”, – აცხადებს ნადარეიშვილი.
ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა კაპიტალის ბაზრის რეფორმის მეორე ფაზის ნაწილია. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ მედიასთან პროგრამის პრეზენტაციის დაწყებამდე ისაუბრა.
“კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან და სხვა უწყებებთან ერთად, ძალიან აქტიურად ახორციელებს. ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმის პირველ ფაზაში, ძირითადი კონცენტრაცია საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება იყო: მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები წარედგინა პარლამენტს და მიღებული იქნა კანონებისა და ნორმატიული აქტების სახით.
დღეს უკვე ვთვლით, რომ არის რეფორმის განვითარების მეორე ფაზა, როდესაც საჭიროა, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა სტიმულირებასა და ისეთი ინსტრუმენტების შექმნას მიენიჭოს, რომლებიც რეალობაში მოიყვანს საკანონმდებლო ჩარჩოს, გააჩენს ახალ ინვესტორებსა და კონკრეტულ ინსტრუმენტებს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე დამზოგველებისა და მსესხებლებისთვის. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული პროგრამა”, – აღნიშნავს ირაკლი ნადარეიშვილი.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ პროგრამა არა მხოლოდ ქართული კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.