უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს ორ-ნახევარი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს „არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის“ ბრალდებით

მოსკოვის სასამართლომ რუსეთში ლიკვიდირებული ორგანიზაცია „მემორიალის“ თანათავმჯდომარეს, უფლებადამცველ ოლეგ ორლოვს, ორ-ნახევარი წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა „არმიის განმეორებითი დისკრედიტაციის“ ბრალდებით. ამის შესახებ „მედიაზონა“ იტყობინება სასამართლოს დარბაზიდან.
საქმის საბაბი გახდა ორლოვის ანტისაომარი სტატია „მათ ფაშიზმი სურდათ. მათ ის მიიღეს“. 70 წლის უფლებადამცველი განაჩენის გამოტანისთანავე დააკავეს და ხელბორკილებით გაიყვანეს სასამართლოს დარბაზიდან. „განაჩენმა აჩვენა, რომ ჩემი სტატია ზუსტია და სწორია“, მოჰყავს ორლოვის სიტყვები „სოტას“.
გუშინ ორლოვმა სასამართლოში წარმოთქმულ უკანასკნელ სიტყვაში ივარაუდა, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, „ვინაიდან ამჟამინდელ ვითარებაში გამამართლებელი განაჩენის იმედის ქონა უკიდურესი გულუბრყვილობა იქნებოდა“, მაგრამ აღნიშნა, რომ „არაფერს ინანიებს“.
ეს განაჩენი ყველაზე მკაცრია არმიის დისკრედიტაციის შესახებ მუხლის არსებობის მანძილზე, აღნიშნავს გამოცემა „აგენტსტვო“. ორლოვამდე ყველაზე მკაცრი განაჩენი გამოუტანეს ალექსეი მოსკალიოვს, რომლის ქალიშვილმაც ანტისაომარი სურათი დახატა.
ეს ამ საქმის განმეორებითი განხილვა იყო მოსკოვის გოლოვინის რაიონულ სასამართლოში. შარშან შემოდგომაზე უფლებადამცველი დამნაშავედ ცნეს და 150 ათასი რუბლი ჯარიმა დააკისრეს, მაგრამ პროკურატურამ, რომელიც ორლოვისთვის სამი წლით პატიმრობას ითხოვდა, განაჩენი გაასაჩივრა.
პროკურატურა აცხადებდა, რომ საქმეში არის დამამძიმებელი გარემოება – „იდეოლოგიური მტრობისა და სიძულვილის მოტივი“. შედეგად მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გააუქმა განაჩენი და საქმე ხელახლა გამოსაძიებლად დააბრუნა. გამოძიების დასრულების შემდეგ საქმე კვლავ სასამართლოშია. ორლოვის განმეორებითი პროცესი 16 თებერვალს დაიწყო.
ლიკვიდირებული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ალექსანდრ ჩერკასოვმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ორლოვის რეალური პატიმრობის ვადა მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, პირველი განაჩენის შემდეგ ორლოვს რამდენიმე კვირა ჰქონდა იმისთვის, რომ დაეტოვებინა, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა.
ორლოვმა დანაშაული უარყო. სასამართლოში მან განაცხადა, რომ დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს, არ მისცემს ჩვენებას და მხოლოდ დასკვნითი სიტყვით გამოვა. „ნოვაია გაზეტა“ აღნიშნავს, რომ ორლოვმა ასევე ადვოკატებს აუკრძალა მოწმეთა გამოძახება იმის შიშით, რომ ისინი ე.წ. უცხოეთის აგენტებად შეიძლება აღიარონ. თავად ორლოვი იუსტიციის სამინისტრომ 2 თებერვალს ცნო უცხოეთის აგენტად.
რუსეთის არმიის დისკრედიტაციის შესახებ მუხლი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში გაჩნდა ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ცოტა ხანში. სასამართლოები დისკრედიტაციად მიიჩნევენ ნებისმიერ ანტისამხედრო გამონათქვამს ან ომის შესახებ გამონათქვამს, რომელიც არ ემთხვევა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ თვალსაზრისს.