„უნდა დავიწყოთ დეგრადირებული ტყეების აღდგენა – მხოლოდ კანონის გამკაცრება პრობლემას ვერ გადაჭრის“

„მარტო კანონის გამკაცრება ტყის უკანონო ჭრას არ უშველის“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“„საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
საქართველოში ტყის 36% არის დეგრადირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ტყეები თავის ფუნქციას (სტიქიის შემაკავებელი) ვერ ასრულებენ. აქედან გამომდინარე ჩხობაძე ამბობს, რომ მხოლოდ კანონის გამკაცრება არსებულ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. მისი თქმით, კონტროლის მექანიზმები დღეს მეტ-ნაკლებად მკაცრია. თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ ზედამხედველობის სამსახური მუშაობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სატყეო სააგენტოს მაკონტროლებლის ფუნქცია დაუბრუნდეს.
„საქართველოს ტყეებს აქვს წყალმარეგულირებელი ფუნქცია, ნიადაგდამცავი და სადაც კი განვითარდა ჩვენთან ტრაგედია, განსაკუთრებით ნერგეეთში, ჩანდა, რომ ტყემ ვერ შეასრულა თავის ფუნქცია. ნერგეეთში იყო დეგრადირებული ტყე, ზემოთ იყო ბაღები გაშენებული და ბაღებმა ვერ ვერ შეასრულეს ტყის ფუნქცია.

სატყეოს უნდა დაუბრუნდეს კონტროლის ფუნქცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, სად შეიძლება მოიჭრას ხე, როგორ შეიძლება მოიჭრას ან რატომ. თუ ეს ვერ მოხდა, ყოველთვის იქნება ბრაკონიერული ჭრები“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, ტყეების აღდგენის პროგრამა ისე უნდა განისაზღვროს, რომ ბიომრავალფეროვნება შენარჩუნებული იყოს.

„ტყეს უნდა აღდგენა თავისი ბიომრავალფეროვნებით და იმ დანიშნულებით რაც მას აქვს. აღდგენას წლები დასჭირდება, მარტივი არ არის, ერთ წელიწადში ნამდვილად არ აღდგება. დეგრადირებული ტყეების აღდგენა უნდა დავიწყოთ, ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება სახელმწიფო პროგრამით. ეს გამკაცრება პარალელურად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ტყის ფართობების 35.4% (რაც 807 178 ჰექტრის ტოლია) დეგრადირებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ტყეები თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის კანონი და აღსრულების მექანიზმები უნდა გამკაცრდეს.