უნგრეთის მხრიდან საქართველოს აქვს ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რაც შეეხება ამ ქვეყნის პოზიციას უკრაინასთან მიმართებით, ეს არის უნგრეთის საქმე – მაკა ბოჭორიშვილი

“უნგრეთის ხელისუფლების მხარდაჭერა არის ძალიან მტკიცე, ხმამაღალი და ასე გაგრძელდება საქართველოსთან მიმართებით,”- ეს განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ” ღამის კურიერის” ეთერში გააკეთა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბუდაპეშტში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია იყო.
“ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ახლა, საბჭოს შეხვედრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მხარდაჭერას, რომელიც არის უნგრეთის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არ არის ახალი, უკვე ძალიან დიდი ხანია გვესმის ის მტკიცე მხარდაჭერა, რასაც აჟღერებს უნგრეთის ხელისუფლება და ეს მხარდაჭერა არის ძალიან მტკიცე, ხმამაღალი და ასე გაგრძელდება საქართველოსთან მიმართებით. ჩვენი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს გახლავთ – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობა საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის პოზიციები, რომელიც უნდა გაჟღერდეს საქართველოსთან მიმართებაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნგრეთის მხრიდან,”- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კითხვაზე, რამდენად საფუძვლიანია ოპოზიციის ეჭვები, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხსაც, მაკა ბოჭორიშვილი პასუხობს, რომ ეს ოპოზიციის შინაგანი სურვილების გამოხატულება უფროა.
“ოპოზიციის მხრიდან ეს პროვოკაციული განცხადებები უფრო ჰგავს მათ რაღაც სურვილებს თუ ბოლო იმედებს, რომ საქართველოსთან მიმართებით რაიმე ნეგატიური პროცესი წარიმართოს და საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. უნგრეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, უნგრეთის მხრიდან საქართველოს აქვს ის მხარდაჭერა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც შეეხება უნგრეთის პოზიციას სხვა ქვეყნებთან მიმართებით და, ამ შემთხვევაში, სთან მიმართებით, ეს არის ქვეყნის პოზიცია, ქვეყნის საქმე. უკრაინის საკითხი უნგრულ საზოგადოებაში არამხოლოდ ხელისუფლებაში, არ არის გუშინ გაჩენილი საკითხი. საკმაოდ კომპლექსურია ეს საკითხი – იქ არის უნგრეთის უმცირესობების თემა უკრაინაში, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში უნგრეთსა და უკრაინას შორის იდგა ეს საკითხი.
არაერთხელ გვიხილავს ჩვენ უნგრეთის პოზიციები უკრაინასთან მიმართებით, რომელიც შეიძლება ითქვას, განსხვავდებოდა სხვა წევრი სახელმწიფოებისგან, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი ასპექტი – უნგრეთის ხელისუფლება აქცენტს აკეთებს, როდესაც პოზიციებს აფიქსირებს უკრაინასთან მიმართებით, რომ საჭიროა კონსენსუსის მიღწევა, რაც გულისხმობს 27-ვე წევრი სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებას იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მიიღება უკრაინასთან მიმართებაში დეკემბერში თუ სხვა დროს. ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი პოზიცია. ევროკავშირის წევრი ქვეყნები როდესაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებენ, მათ უკან დგას ხალხი, ეროვნული ინტერესები და ასე ხდება უმეტესად გადაწყვეტილებების მიღების დროს და ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ახლა საქმე, როდესაც ჩვენ ვისმენთ უკრაინასთან მიმართებაში უნგრეთის ხელისუფლების პოზიციებს, თუმცა ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე დღე საბჭოს შეხვედრამდე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ინტენსიური მოლაპარაკებების პერიოდი და, იმედი გვაქვს, უნგრეთის პოზიცია იქნება იმგვარი, რომ გაფართოების საკითხს, მათ შორის უკრაინის საკითხსაც, არ ექნება რაიმე შეფერხება,”- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.