უკრაინის დელეგაციამ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის, მრავალეროვნული კონტინგენტისა და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხები განიხილა

უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან შემდგარი დელეგაცია პარიზში საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის დიპლომატიური და უსაფრთხოების საკითხების მრჩევლებს შეხვდა, -ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, დღეს პარიზში, ელისეის სასახლეში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკსა და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს, ემანუელ ბონს, გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯონათან პაუელსა და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, იენს პლოტნერს შეხვდა.
„განვიხილეთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზები, მათ შორის ცეცხლის სრული შეწყვეტა, მრავალეროვნული კონტინგენტი და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები“, – აცხადებს სიბიგა.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
„კერძოდ, ჩვენ შევათანხმეთ პოზიციები ცეცხლის სრული შეწყვეტის განხორციელების, მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტის მოზიდვისა და ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურის შექმნის შესახებ“, – აცხადებს უმეროვი.
მისი თქმით, პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა გრძელდება.
„ჩვენი პრიორიტეტია შედეგი, რომელიც უკრაინისა და უკრაინელებისთვის საიმედო მშვიდობას უზრუნველყოფს“, – აცხადებს უმეროვი.