უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხებით გამთენიისას გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმა იყო რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე სამხედრო დანიშნულების ქარხანაზე.
29 სექტემბერს, დღისით უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ სარაკეტო შეტევა მიიტანეს ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევში მდებარე ქარხანა „ელექტროდეტალზე“, რომელიც სხვადასხვა სახეობის სამხედრო პროდუქციასაც აწარმოებს.
უკრაინის გენერალური შტაბი გამოყენებული რაკეტების სახეობას არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მათი ფრენის მანძილი 240 კილომეტრს აღემატებოდა.
გენშტაბის ცნობითვე, ქარხნის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია აფეთქებები და ხანძარი, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.
ბრიანსკის ოლქის ხელისუფლებას ქარხანა „ელექტროდეტალზე“ დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა და არაფერი უთქვამს რაკეტებზე. ოფიციალური მონაცემებით, 28 სექტემბრის ღამიდან 29 სექტემბრის დილის შვიდ საათამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 78 უკრაინული დრონი და მათგან ყველაზე მეტი, 24 – ბრიანსკის ოლქში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
