“უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძის თანაგუნდელების მსგავსად იმეორებს, რომ წლების განმავლობაში “კრიმინალების თავშესაფრად იქცა”. მისივე თქმით, არაა დარწმუნებული, რომ უკრაინული მხარე საქართველოს დამნაშავეებს გადმოსცემს.
“არ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინის მხარე საქართველოს გადმოსცემს დამნაშავეებს, რომელზეც თქვენ საუბრობდით, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ, უკრაინა იქცა თავშესაფრად კრიმინალების.
ასევე, ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც კონკრეტული მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე, შესაბამისად, ესეც აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს”, – თქვა კალაძემ.
***
საქართველოს მთავრობა ზურაბ ადეიშვილის გადაცემას ითხოვს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა აღარ მიმდინარეობს. ინტერპოლმა ძებნა 2015 წლის აპრილში შეწყვიტა, მიზეზად კი ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი დაასახელა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ქვეყანა, შესაძლოა, უნგრეთი ყოფილიყო, თუმცა სახელდებოდა უკრაინაც. რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა; ნოემბრიდან კი ის უკვე ძებნილად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2021 წელს შეუწყდა. მან ეს, იუსტიციის სამინისტროს თანახმად, თვითონ მოითხოვა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.