რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, უკრაინისთვის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები ნატოს წევრიანებასთან “ძალიან ახლოს” უნდა იყოს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, ბერლინში მთავრობის ღია კარის დღეს გამართულ შეხვედრაზე.
„ჩვენ არ შეგვიძლია მოველოდეთ, რომ უკრაინა სერიოზულად განიხილავს ტერიტორიულ დათმობებს, სანამ, სულ ცოტა უსაფრთხოების გარანტიებს მაინც არ მიიღებს რაც შეიძლება მეტი ქვეყნისგან”, – თქვა მან.
„ამის შემდეგ ეს შეძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ ევროპაში, კვლავ აღდგეს მშვიდობა“, – ციტირებს DW გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს.
ვადეფული მიიჩნევს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორები უნდა იყვნენ, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები, არამედ სხვა სახელმწიფოებიც, კერძოდ, შეერთებული შტატები. მისი თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით 30 ქვეყანამ, მათ შორის იაპონიამ, გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს უკრაინას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასეთი გარანტიები რუსეთისთვის საფრთხის შემქმნელი არ იქნება.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პარასკევს კიდევ ერთხელ გამოვიდა მუქარით, რომ რუსებს სანქციებს დაუწესებს, თუ ორი კვირის განმავლობაში არ აღირიცხება პროგრესი უკრაინის ომის მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ტრამპის ამ განცხადებას ერთი კვირით უძღოდა წინ ალასკაში მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.
ფორუმი
