თბილისის მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ ბიზნესმენი რუსეთიდან, კრივის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი უმარ კრემლიოვი საქართველოში იმყოფებოდა და მას შეხვდა.
„უმარი გახლავთ მსოფლიო ბოქსის ასოციაციის პრეზიდენტი. მე მას დიდი ხანია ვიცნობ და საქართველოში იყო ჩამოსული. უბრალოდ მეგობრული ვიზიტი იყო“, — განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტების შენიშვნას, რომ კრემლიოვი არის პუტინის გარემოცვის წევრი, რომელიც აკონტროლებს ბიზნესს და კრიმინალურ სამყაროს რუსეთში, კალაძემ უპასუხა:
„ეს არის თქვენი სპეკულაციები. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი შეფასებები. არც თქვენი პოლიტიკური შეხედულებები. თქვენ ხართ იქ, სადაც ქართველმა ხალხმა მოგიჩინათ ადგილი — პოლიტიკურ სანაგვეზე“.
კრემლიოვის სოციალური ქსელების ანგარიშების მიხედვით, ის საქართველოში 2021 წელსაც იმყოფებოდა.
42 წლის უმარ კრემლიოვი (ნამდვილი გვარი ლუტფულოევი) 2020 წლიდან არის კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი. ის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოდილერის „როლფის“ მფლობელია. გამოცემა „პროექტის“ ცნობით, უმარ კრემლიოვმა „როლფი“ რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალექსეი რუბეჟნისთან მეგობრობის წყალობით შეიძინა.
კრივის საერთაშორისო ასოციაცია (IBA) წლების განმავლობაში პასუხისმგებელი იყო ოლიმპიურ კრივზე, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2017-დან დაიწყო გამოძიება ორგანიზაციაში კორუფციის, ფინანსების გაუმჭვირვალობისა და საეჭვო მსაჯობის სისტემის გამო. IBA-ს მიმართ კრიტიკა ასევე შეეხება რუსეთის სახელმწიფო კომპანიების გავლენას, კერძოდ „გაზპრომის“ დაფინანსებას.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ივნისში IBA-ს აღიარება გააუქმა იმ მიზეზით, რომ ასოციაციამ ვერ შეძლო მმართველობის, ფინანსებისა და ეთიკის საკითხებში რეფორმების დასრულება. 2028 წლის ლოს-ანჯელესის თამაშებზე კრივის ტურნირი ახალი ორგანიზაცია World Boxing-ის ეგიდით ჩატარდება, რომელიც აშშ-მა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა დააფუძნეს.
